თბილისი, 27 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით კახეთში 32 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება დაკავებულს ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას ედავება.
შემთხვევა თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში 24 ივლისს მოხდა. გამოძიების მიხედვით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა 29 და 52 წლის მამაკაცებს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულებიც და სავარაუდო დამნაშავეც თანასოფლელები არიან. ერთ-ერთი ვერსიით, სამივე მათგანი ერთად ქეიფობდა, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, თუმცა რა გახდა ამის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
წყარო - შსს