რა ეტაპზეა ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა - თორნიკე რიჟვაძე

მომავლის ინოვაციური ქალაქი ახდენილი რეალობა გახდება, აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ
Sputnik
თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. აჭარაში ხელოვნური კუნძულის „ბათუმი აილენდის“ მშენებლობის პროექტის 20% განხორციელებულია, განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.
ბათუმში აშენდება ორი ხელოვნური ნახევარკუნძული და ერთი კუნძული, რომელიც გააერთიანებს გასართობ-გამაჯანსაღებელ, სპორტულ, საგანმანათლებლო და კომერციულ-საცხოვრებელ ტურისტულ მიმართულებებს. პროექტი მთლიანად კერძო ინვესტიციებით განხორციელდება. „ბათუმი აილენდის“ მშენებლობა 2022 წლის სექტემბერში დაიწყო.
„დღეის მდგომარეობით, უკვე შექმნილია 20% ამ პროექტის. ეს გახლავთ დაახლოებით 15 ჰექტარი ახალი ტერიტორია, რითაც გაიზარდა ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრები“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
იგეგმება, რომ უკვე რამდენიმე კვირაში თუ არა, რამდენიმე თვეში, წლის განმავლობაში დაიწყება პირველი მშენებლობა და ეს ინოვაციური მომავლის ქალაქი გახდება აბსოლუტურად ახდენილი რეალობა, აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
ინვესტორი „ამბასადორ ჯგუფი“ პროექტის პირველი ფაზის მშენებლობაზე მინიმუმ 100 მილიონი დოლარი დახარჯვას და 2000 ადგილობრივის დასაქმებას აპირებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით და შესაბამისი დადგენილებით კომპანიას ბათუმში ბარცხანის და თამარის დასახლებებში 90 ჰექტარი მიწის განაშენიანების უფლება მიენიჭება.
ღარიბაშვილი: ხელოვნური კუნძულის პროექტი ხელს შეუწყობს აჭარის ეკონომიკურ განვითარებას>>
კუნძულზე პროექტის მიხედვით წარმოდგენილი იქნება საზოგადოებრივი პლაჟები, აქტიური და პასიური დასვენების კუთხეები, აკვაპარკები, სასეირნო პრომენადები, ზღვისპირა ბულვარი, იახტკლუბი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმრო და საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობები.
წარმოდგენილი კონცეფცია ითვალისწინებს, მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციების მოზიდვას და ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოებას, რაც ქალაქის არსებული განაშენიანებისგან განტვირთვას და მისი სანაპირო ზოლის გამაგრებას ნიშნავს.