რა ხდება ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო მონაცემები

2024 წლის ივნისში ბათუმში ბინების ყიდვა-გაყიდვის ტრანზაქციების რაოდენობა 19%-ით შემცირდა.
Sputnik
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. 2024 წლის იანვარ-ივნისში ბათუმში ბინებზე მოთხოვნა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით შემცირდა - გაიყიდა 6.915 ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.
მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა 11%-ით შემცირდა და 350 მლნ დოლარი შეადგინა.
„ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში ბინების საშუალო შეწონილი ფასი იანვარ-ივნისში 5%-ით გაიზარდა და 1 კვადრატულ მეტრზე 1,1 ათასი დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში ღირებულება 4%-ით გაიზარდა და 1 კვადრატულ მეტრზე 966 დოლარი შეადგინა", - ნათქვამია მიმოხილვაში.
კომპანიის ცნობით, 2024 წლის ივნისში ბათუმში ბინების ყიდვა-გაყიდვის ტრანზაქციების რაოდენობა 19%-ით, 1,1 ათასამდე შემცირდა. გარდა ამისა, გასულ თვეში ბაზრის მოცულობა 13%-ით შემცირდა და 56 მლნ დოლარი შეადგინა.
ამასთან, აღნიშნულ პერიოდში ახალაშენებული ბინების გაყიდვების რაოდენობა შემცირდა 21%-ით, ხოლო ძველი აშენებული ბინების - 5%-ით.
გასულ თვეში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 4%-ით გაიზარდა და 1 კვადრატულ მეტრზე 1,1 ათასი დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში ღირებულება 2%-ით შემცირდა და 1 კვადრატულ მეტრზე 1 ათასი დოლარი შეადგინა.