თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. ჯანდაცვის სფეროში ერთობლივი პროექტები და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, სომეხ კოლეგასთან ანაჰიტ ავანესიანთან თბილისში გამართულ შეხვედრაზე.
უწყებების ხელმძღვანელებმა სომხეთსა და საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, რომელიც, მინისტრის თქმით, პაციენტზე ორიენტირებული სისტემის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა სომხეთის დელეგაციის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, თოდუას მრავალპროფილურ კლინიკაში იმყოფებოდა.
ანაჰიტ ავანესიანი ადგილზე გაეცნო სამედიცინო ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და იმ სერვისებს, რასაც პაციენტები სახელმწიფო დაფინანსებით იღებენ.
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტს საქართველოში, წინ უძღოდა მიხეილ სარჯველაძისა და ანაჰიტ ავანესიანის შეხვედრა ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში, სადაც კიდევ უფრო მჭიდრო პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ: სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი სტეპან ატოიანი, ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნარეკ მანუკიანი, წამლებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრის დირექტორი არაიიკ ბაღრიანი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი არმენ მელქონიანი.