თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. ახალი სასწავლო წლიდან მე-10 კლასის დასრულება ჩაითვლება საბაზო განათლებად, რომლის შემდეგაც მოსწავლეები შეძლებენ პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებას, საქართველოს პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებების პაკეტი უკვე დაამტკიცა.
ამ გადაწყვეტილებამდე საბაზო განათლების საფეხური VII-IX კლასებით შემოიფარგლებოდა, როგორც ეს მეზობელ ქვეყნებშია გავრცელებული.
ქართული სასკოლო განათლება 12-წლიანია და იყოფა დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებად. დაწყებითი განათლება საქართველოში მოიცავს პერიოდს 1-დან მე-6 კლასამდე, საბაზო განათლება მე-7-დან მე-9 კლასამდე, ხოლო საშუალო განათლება მე-10-დან მე-12 კლასამდე.
მიღებული ცვლილებების მიხედვით, 2025 წლის ზაფხულიდან სკოლის მოსწავლეები საბაზო განათლების მიღებულად ჩაითვლებიან, რაც შესაძლებელს ხდის სკოლაში სწავლის შეწყვეტას შემდგომი პროფესიული განათლების მისაღებად, მხოლოდ მე-10 კლასის დასრულების შემდეგ.
გარდა ამისა, საშუალო პროფესიულ დაწესებულებებს უფლება ექნებათ შეითავსონ სამწლიანი სასკოლო საგანმანათლებლო პროგრამა და გასცენ საშუალო განათლების ატესტატთან გათანაბრებული პროფესიული განათლების დიპლომი, თანაც მხოლოდ მათზე, ვინც ჩაირიცხება 2025 წლის 1 ივლისამდე. 1 ივლისის შემდეგ ჩარიცხულთათვის ახალი წესები იმოქმედებს.
სისტემის შეცვლა მიზნად ისახავს სკოლადამთავრებულების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესებას და მომავლის უფრო გააზრებულ არჩევანს.
სამინისტროს ინფორმაციით, იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც სკოლას მეცხრე კლასის შემდეგ ამთავრებენ, საკმაოდ მაღალია (2023 წელს 3200-მდე მოსწავლე), ხოლო შრომის ბაზარზე მათი დასაქმების პერსპექტივა ძალიან დაბალია - ცოდნისა და ასაკის სიმცირის გამო. თანაც შრომის კოდექსით დასაქმება შესაძლებელია მხოლოდ 16 წლიდან.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ასევე მიაჩნიათ, რომ ამ გზით მოზარდებს ნაკლები რისკი ექნებათ გადააწყდნენ ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა ბავშვთა ქორწინება, ასაკისთვის შეუსაბამო დასაქმება, ადამიანებით ვაჭრობა, უკანონო საქმიანობა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრა და ა.შ.
კანონი ძალაში საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა და გავრცელდება ქვეყნის ყველა აკრედიტებულ სკოლაზე.