თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო - პაციენტები უფასოდ შეძლებენ სკრინინგის, საჭირო კვლევების ჩატარებას და აუცილებლობის შემთხვევაში მედიკამენტების უფასოდ მიღებას, განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.
B ჰეპატიტი არის ვირუსული ინფექციური დაავადება, რომელიც აზიანებს ღვიძლს და ვითარდება მწვავე ან ქრონიკული ფორმით.
პროგრამის პირველ ეტაპზე პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან, მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ.
„პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან სრულად ანაზღაურდება პაციენტების სკრინინგი, მკურნალობაში ჩასართავად და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები, ასევე - პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები", - ნათქვამია განცხადებაში.
პროგრამის მოსარგებლეებად განისაზღვრებიან პირები ქრონიკული HBV ინფექციით, აგრეთვე პირები, რომლებსაც დადგენილი აქვთ ქრონიკული B ჰეპატიტის დიაგნოზი და უკვე იმყოფებიან ანტივირუსულ მკურნალობაზე.
პროგრამაში პაციენტების ჩართვა განხორციელდება კომისიური წესით. B ჰეპატიტის მქონე იმ პირებისათვის, რომლებსაც კლინიკურად ამ ეტაპზე არ ესაჭიროებათ მკურნალობა, პროგრამით გათვალისწინებულია განმეორებითი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება ექიმის დანიშნულების შესაბამისად, 12 თვეში ერთხელ.
იმ პირებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ B ჰეპატიტის ვირუსის არსებობა, დაავადების პრევენციის მიზნით, პროგრამის ფარგლებში, შესთავაზებენ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რომელიც ასევე სრულად ანაზღაურდება სახელმწიფოს მხრიდან.
სერვისების მისაღებად მოქალაქემ უნდა მიმართოს პროგრამის მიმწოდებელ დაწესებულებებს - პროგრამაში ჩართულია 15-მდე სამედიცინო დაწესებულება მთელი ქვეყნის მასშტაბით. სერვისის მიმწოდებლების რიცხვი ეტაპობრივად გაიზრდება.