თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა პარიზის ოლიმპიადაზე საპრიზო ადგილებზე გასულ ქართველ სპორტსმენებს პრემიის სახით 250 ათასიდან მილიონ ლარამდე გადასცემს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველოს პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სპორტის 10 სახეობაში 29 ლიცენზია მიანიჭა.
„ტრადიციულად, წესდება ხოლმე პრემია ოლიმპიური თამაშების წინ და ამ შემთხვევაშიც საქართველოს მთავრობის მხრიდან ოლიმპიური ჩემპიონებისთვის მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი, ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა ვერცხლის მედლის შემთხვევაში, 250 ათასი ლარი – ბრინჯაოს პრიზიორებისთვის. დარწმუნებული ვარ, დამატებითი მოტივაცია არ გჭირდებათ, რათა ბოლომდე იბრძოლოთ ჩემპიონობისთვის", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა თავისთავად დიდი წარმატება და დიდი პატივია თითოეული სპორტსმენისთვის.
„ჩვენთვის მთავარია რაც შეიძლება მეტი წარმატება ოლიმპიურ თამაშებზე, რაც შეიძლება მეტი ჩემპიონი, რაც შეიძლება მეტი მედალი და დარწმუნებული ვარ, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშები იქნება აბსოლუტურად გამორჩეული ჩვენი გუნდისთვის ამ თვალსაზრისით“ , - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან ქართული სპორტის მხარდაჭერა გაგრძელდება და წლიდან წლამდე უფრო მეტად გაიზრდება.
ბოლო ოლიმპიადაზე, რომელიც ტოკიოში გაიმართა, საქართველოს 35 ლიცენზია ჰქონდა.
საქართველო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში 1996 წლიდან მონაწილეობს. საქართველომ ყველაზე მეტი ლიცენზია 2016 წელს, რიოს თამაშებზე მიიღო, სადაც 40 სპორტსმენი გაემგზავრა.
მთლიანობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სპორტსმენებმა 40 მედალი მოიპოვეს - მათგან ათი ოქროს, 12 ვერცხლის და 18 ბრინჯაოს.
ტოკიოს წინა ოლიმპიადაზე, რომელიც პანდემიის გამო არა 2020, არამედ 2021 წელს გაიმართა, ქართველმა სპორტსმენებმა რვა მედალი მოიპოვეს - ორი ოქროს, ხუთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს (ძიუდო, ძალოსნობა და ჭიდაობა).
რვიდან ოთხი მედალი ქართველმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს. ლაშა ბექაურმა (-90 კგ) ოქრო მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ვერცხლი, გურამ თუშიშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა (+100 და -66 კგ) ბრინჯაო აიღეს.