თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელდა 35,2 ათასი ავტომობილის იმპორტი, ექსპორტზე გავიდა 2,9 ათასი, ხოლო რეექსპორტზე 24,9 ათასი ავტომობილი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
პირველ კვარტალში განხორციელდა 25,2 ათასი ავტომობილის იმპორტი, ექსპორტზე გავიდა 3,1 ათასი, ხოლო რეექსპორტზე 19,2 ათასი ავტომობილი.
უწყების ცნობით, ვაჭრობის ძირითადი წილი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის, რომელიც მთლიანი ბრუნვის დაახლოებით 95%-ს შეადგენს.
ავტომობილების ექსპორტი
2024 წლის მეორე კვარტალში საქართველომ საზღვარგარეთ 2.937 ავტომობილი გაიყვანა.
2024 წლის 1 აპრილიდან 3ო ივნისის პერიოდში ქვეყანამ გაყიდა 2.805 მსუბუქი ავტომობილი, 14 სპეციალიზებული ავტომობილი, 30 სატვირთო, 17 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, 8 სამგზავრო ავტობუსი და მიკროავტობუსი, 35 მისაბმელი და 28 მოტოციკლი.
ავტომობილების რეექსპორტი
2024 წლის აპრილი-ივნისი პერიოდში რეექსპორტზე გავიდა 24.930 ავტომობილი.
შსს-ს მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში საქართველოდან რეექსპორტირებულია 24.525 მსუბუქი ავტომობილი, 55 სპეციალიზებული ავტომობილი, 175 სატვირთო მანქანა, 16 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, 12 სამგზავრო ავტობუსი და მიკროავტობუსი, 94 მისაბმელი და 53 მოტოციკლი.
ავტომობილების იმპორტი
რაც შეეხება ავტომობილების იმპორტს, რაოდენობამ მეორე კვარტალში 35.176 შეადგინა, რომლის დიდი ნაწილი ასევე მსუბუქ ავტომობილებზე მოდის.
2024 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში შემოვიდა 30.948 მსუბუქი ავტომობილი, 557 სპეციალიზებული ავტომობილი, 2.300 სატვირთო მანქანა, 215 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, 160 სამგზავრო ავტობუსი და მიკროავტობუსი, 602 მისაბმელი და 394 მოტოციკლი.