მსოფლიო დღეს

სომხეთი მზადაა თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს

თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს, საზღვარი ანკარის ინიციატივით 1993 წლიდან დაკეტილია
Sputnik
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. სომხეთი მზადაა თურქეთთან ურთიერთობები დაალაგოს და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს, განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე.
„სომხეთი მზადაა სრულად დაალაგოს ურთიერთობა თურქეთთან და ასევე დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები. ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით ჩვენ ასევე გვაქვს მოლაპარაკებები და წინ მივიწევთ. ჩვენ ჯანსაღი დიალოგი გვაქვს თურქეთთან და ვიცით, რომ დიდი ხანია დრო მოვიდა ეს განვახორციელოთ“, - განაცხადა მირზოიანმა.
თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს, საზღვარი ანკარის ინიციატივით 1993 წლიდან დაკეტილია. ქვეყნებს შორის რთული ურთიერთობა მთელი რიგი გარემოებებით არის განპირობებული, რომლებიც დაკავშირებულია, კერძოდ, ანკარის მხრიდან აზერბაიჯანის პოზიციის მხარდაჭერით ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირებით და თურქეთის მწვავე რეაქციით 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდის საერთაშორისო აღიარების პროცესთან დაკავშირებით.
2022 წლის იანვარში მოსკოვში გაიმართა სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესთან დაკავშირებით სპეციალური წარმომადგენლების - სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუბენ რუბინიანის და აშშ-ში თურქეთის ყოფილი ელჩის სერდარ კილიჩის პირველი შეხვედრა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინებოდა, მოლაპარაკებების დროს მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა წარმართონ დიალოგი კონსტრუქციულ არაპოლიტიზებულ ჭრილში. კიდევ სამი შეხვედრა გაიმართა ვენაში.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ივნისში გამართული სატელეფონო საუბრის დროს გამოთქვეს პოლიტიკური ნება, რომ მოხდეს ურთიერთობების ნორმალიზება წინაპირობების გარეშე.