მინისტრი: წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მომავალ თაობას ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
Sputnik
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებებს უსურვებს და იმედს გამოთქვამს, რომ თითოეული გაუმკლავდება ამ გამოწვევას.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 7 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 17-18 ივლისს ჩააბარებენ.
წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ გამოსაცდელს და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მთელ გუნდს. მნიშვნელოვანია, რომ მთელი წელი აქტიურად ვემზადებოდით ამ დღისთვის... საგამოცდო ცენტრები სრულ მზადყოფნაშია გამოსაცდელების მისაღებად - ყველა სივრცე აღჭურვილია საჭირო ინვენტარით, გამართულია გაგრილების სისტემა და ცენტრებში უზრუნველყოფილია მშვიდი და უსაფრთხო გარემო, სადაც თითოეულ აპლიკანტს აქვს თავისი ცოდნისა და უნარების გამოვლენის მაქსიმალური შესაძლებლობა", - განაცხადა ამილახვარმა.
მინისტრმა გამოცდების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს და ყველა იმ უწყებას, რომელიც პროცესში აქტიურად იყო ჩართული.
2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 47 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. მთელი ქვეყნის მასშტაბით საგამოცდო ცენტრები გახსნილია: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
„ზოგადი უნარების" საგანს, რომელიც 2020 წლიდან სავალდებულო საგნების სიიდან ამოიღეს, აბიტურიენტები იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ აღნიშნულ საგანს კონკრეტული უნივერსიტეტი მოითხოვს.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.