მინისტრი: დღეს ზოგადი განათლების შედეგით კმაყოფილი არავინაა

მასწავლებელთა ხელფასების გაზრდის გარეშე განათლების ხარისხის გაუმჯობესება შეუძლებელია, აღნიშნა მინისტრმა
Sputnik
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. დღეს საქართველოს საჯარო სკოლებში ზოგადი განათლების შედეგებით კმაყოფილი არავინაა, განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი პოლიტიკა, რომლის თანახმად მასწავლებელთა 70%-ს ხელფასი 500-დან 800 ლარამდე გაეზრდება.
„მე ვარ პირველი, რომელიც ამბობს, რომ არავინ არის დღეს ჩვენი ზოგადი განათლების შედეგებით კმაყოფილი. ამას რად უნდა ჩემი თქმა, როდესაც საერთაშორისო კვლევები ქვეყნდება, მერამდენე წელია, 10-15 წელია და სამწუხაროდ, მინიმალური გაუმჯობესება გვაქვს. მთავარია, რითაც უნდა ვუპასუხოთ საზოგადოების დაკვეთას, ეს არის ხარისხის ამაღლება", - განაცხადა ამილახვარმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
ჩვენ ვერ ვიზამთ ამას, თუ ყველაზე მთავარ აქტორს არ მივცემთ სამართლიან შრომის ანაზღაურებას მიუხედავად სტატუსებისა“, - აღნიშნა ამილახვარმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მასწავლებლების ხელფასების გაზრდის გარეშე განათლების ხარისხის გაუმჯობესება შეუძლებელია.
„ჩვენ ვერ ვიზამთ ამას, თუ ყველაზე მთავარ აქტორს არ მივცემთ სამართლიან შრომის ანაზღაურებას მიუხედავად სტატუსისა“, - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, 40 ათასამდე მასწავლებელს - სტატუსიანი პედაგოგების საერთო რაოდენობის 70%-ს ხელფასი გაეზრდება მინიმუმ 500 ლარით. რამდენიმე ათასი მასწავლებელი კი 600, 700 და 800 ლარით გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს.
„რაც შეეხება დარჩენილ 30%-ს, 5-7%-ს ხელფასი ეზრდება 200 ლარით, დარჩენილ 20-25%-ს კი 300-400-ლარით. ამ ციფრებზე სრული პასუხისმგებელი ვარ თითოეული სტატუსიანი პედაგოგის წინაშე, როდესაც დარიგდება ხელფასი", - განაცხადა ამილახვარმა.
საქართველოში 52 ათასი სტატუსიანი პედაგოგია. სკოლის პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან. პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე – უფროსი პედაგოგები, მესამეზე – წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორი მასწავლებლები. სტატუსიდან გამომდინარე ხელფასი 400-დან 1.745 ლარამდე მერყეობს.