ჩინეთის გარეშე ანაკლიის პორტი არარენტაბელური იქნება - პარლამენტის დეპუტატი

ჩინეთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია როგორც ევროპისთვის, ისე ამერიკისთვის, აღნიშნა კვიჟინაძემ
Sputnik
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ იქ ჩინური ტვირთები გაივლის, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ.
საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა განაახლოს ანაკლიის პორტის მშენებლობა იმ პირობით, რომ სახელმწიფო იქნება 51%-ის მფლობელი. ამ ისტორიული პროექტის რეალიზაციაში სახელმწიფოს პარტნიორი კერძო ინვესტორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი (ჩინური კომპანია China Communications Construction Company Limited და სინგაპურის კომპანია China Harbor Investment Pte. Ltd) იქნება, რომელმაც ერთადერთმა შეიტანა განაცხადი.
„ახალი პორტი აზრს იმ შემთხვევაში იძენს, თუ ჩინური ტვირთი წამოვა. ეს არის 800 მილიარდამდე ვაჭრობა ევროკავშირთან, რომელმაც უნდა გაიაროს ან რუსეთით, ან ჩვენით, ან ზღვით. რუსეთში დღეს არსებულ სიტუაციაში შესაძლებელია, საქართველოზე წამოვიდეს“, - განაცხადა კვიჟინაძემ.
მისი თქმით, ამერიკულმა და ევროპულმა კომპანიებმა არ მიიღეს მონაწილეობა ტენდერში, რადგან ეს მათთვის მომგებიანი არ იყო.
ვინ გაუწევს ზედამხედველობას ანაკლიის პორტის მშენებლობას?>>
„თუ იქნებოდა ამერიკული, ევროპული და ჩინური კომპანიები ერთად, ეს იდეალური იქნებოდა, მაგრამ მათ, სამწუხაროდ, მონაწილეობა არ მიიღეს, იმიტომ, რომ კომერციულად მომგებიანი არ იყო. თუ ამ საქმეში ჩინეთი იქნება ჩართული, ეს ნიშნავს, რომ ტვირთიც იქნება და უსაფრთხოებაც, რადგან იმ რეგიონში უფრო დიდი გავლენა, ვიდრე ჩინეთს, არავის არ აქვს. მხედველობაში მაქვს შუა აზია, კასპიის ზღვა და ა.შ.“, - განაცხადა კვიჟინაძემ.
დავითაშვილი: საქართველო პორტებს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განავითარებს>>
მან აღნიშნა, რომ ჩინეთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია როგორც ევროპისთვის, ისე ამერიკისთვის.
„ჩინეთი გლობალური მოთამაშეა, ჩინეთის ეკონომიკა უფრო დიდია, ვიდრე ევროკავშირის, როგორც არ უნდა დავთვალოთ. ამერიკის შემდეგ ჩინეთი მეორე ადგილზეა, თუ ნომინალში დავთვლით და თუ პარიტეტულ საწყისებზე დავთვლით, პირველ ადგილზეა, ამერიკას უსწრებს გამოშვებული პროდუქციის მიხედვით. ამიტომ ასეთ დიდ ქვეყანასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება რატომ არ უნდა გვინდოდეს? თუ ეს უნდა ევროპას, ამერიკას და ყველა ქვეყანას, ჩვენ რატომ არ უნდა გვინდოდეს?“, - განაცხადა კვიჟინაძემ.
მისი თქმით, ქართულ საქონელს ჩინურ ბაზარზე მეტი პერსპექტივა აქვს, ვიდრე ევროკავშირში.
„ევროკავშირში დიდი კონკურენციაა. ყოველწლიურად იზრდება და ჩვენ ვცდილობთ, მეტი საქონელი შევიდეს ევროკავშირში, მაგრამ ჩინეთი უფრო დიდია ევროკავშირზე, ეკონომიკაც და მოსახლეობაც და ძალიან დიდი შესაძლებლობებია, რომ ამ ბაზარზე ქართული პროდუქცია გავიდეს“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თაობაზე ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან პარტნიორობის შესახებ შეთანხმება შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ გაფორმდება.
ტენდერის შედეგების მიხედვით, ბოლო დრომდე ანაკლიის პორტში კერძო ინვესტორის სტატუსის პრეტენდენტები იყვნენ: შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია (Terminal Investment Limited Holding S.A. (T.I.L Holding S.A.) და ჩინეთ-სინგაპურის კონსორციუმი (ჩინური კომპანია China Communications Construction Company Limited და სინგაპურის კომპანია China Harbor Investment Pte Ltd).
პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სახელმწიფოს მიერ 2023 წელს დაარსებული „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური" კერძო პარტნიორთან ერთად შექმნის ერთობლივ კომპანიას, რომელშიც სახელმწიფო წილი 51% იქნება. ერთობლივ კომპანიას მოუწევს პორტის განვითარება.
პროექტის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტი წელიწადში 600 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს. ეს არის 7,8 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვის რესურსი.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი ფუნქციონირებს - ბათუმსა და ფოთში. ამასთან ტვირთების ძირითადი ნაკადი გადის ფოთის პორტით, რომელიც მდებარეობს ანაკლიიდან დაახლოებით 70 კილომეტრში.
ფოთის საზღვაო ტერმინალს ამჟამად წელიწადში 400 ათასი კონტეინერის მიღება შეუძლია, 2026 წელს კი, ფსკერის გაღმავების შემდეგ, მოცულობა 1 მილიონ TEU-მდე უნდა გაიზარდოს.
წარუმატებელი პირველი მცდელობა
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რაც მალევე შეჩერდა. თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს "თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.