მსოფლიო დღეს

ორბანი: ბრიუსელში ევროპელი ხალხის ნება უგულებელყვეს

ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისის პერიოდში ევროკავშირის 27 ქვეყანაში ჩატარდა.
Sputnik
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ „ევროპის სახალხო პარტიამ" (EPP) ევროპელი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გარიგება დადო სოციალისტებთან და ლიბერალებთან და ევროკავშირის წამყვანი პოსტები ერთმანეთში გაინაწილეს, დაწერა უნგრეთის პრეზიდენტმა ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელშ X-ზე.
ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების ორშაბათს გამართული პირველი შეხვედრა ევროკომისიის და ევროსაბჭოს პრეზიდენტების და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობებზე დანიშვნების შესახებ პოლიტიკური შეთანხმების გარეშე დასრულდა.
„ევროპელი ხალხის ნება ბრიუსელში დღეს უგულებელყოფილი იყო", - დაწერა ორბანმა.
მისი თქმით, ევროპული არჩევნების შედეგი ნათელია: მემარჯვენე პარტიები გაძლიერდნენ, მემარცხენეებმა და ლიბერალებმა კი პოზიციები დაკარგეს.
„ევროპის სახალხო პარტია“ იმის ნაცვლად, რომ ამომრჩევლებს მოუსმინოს, საბოლოოდ გაერთიანდა სოციალისტებთან და ლიბერალებთან. დღეს მათ გარიგება დადეს და ევროკავშირის წამყვანი პოსტები ერთმანეთში გაინაწილეს", - განაცხადა ორბანმა.
მისი თქმით, „ევროპის სახალხო პარტიას" არ აინტერესებს ევროპული არჩევნების შედეგები და არც ევროპელი ხალხის ნება. ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები. ეს ადამიანები გააგრძელებენ მიგრაციის მხარდაჭერას და კიდევ უფრო მეტ ფულს და იარაღს გაგზავნიან რუსეთ-უკრაინის კონფლიქტისთვის, დაწერა ორბანმა.
„ჩვენ ამას არ ავყვებით! ჩვენ გავაერთიანებთ ევროპელი მემარჯვენეების ძალებს და ვიბრძოლებთ მიგრაციისა და ომის მხარდამჭერი ბიუროკრატების წინააღმდეგ“, – აღნიშნა უნგრეთის პრეზიდენტმა.
ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისის პერიოდში ევროკავშირის 27 ქვეყანაში ჩატარდა. გაიმარჯვა იგივე „ევროპის სახალხო პარტიამ", თუმცა, მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პარტიებმა გააუმჯობესეს თავიანთი შედეგები ევროკავშირის ძირითად ქვეყნებში, მათ შორის იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში. უფრო მეტიც, ბოლო ორ ქვეყანაში მმართველი პარტიები მემარჯვენეებთან დამარცხდნენ.
„ევროპის სახალხო პარტიამ", რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წარმოადგენს, ევროპარლამენტში 720 ადგილიდან 185 მოიპოვა, ცხრა მანდატით მეტი, ვიდრე 2019 წელს.
გუშინ, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირში საკვანძო პოზიციებზე შეთანხმება მიღწეული არ არის და რომ ლიდერები აღიარებენ მათ პასუხისმგებლობას ივნისის ბოლომდე გადაწყვეტილების მიღებაზე.