თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკაში სტაბილურობის შენარჩუნებაზე ისაუბრეს ეკონომიკური საბჭოს წევრებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე, იუწყება მთავრობის მეთაურის პრესსამსახური.
საბჭოს წევრებმა ეკონომიკური ზრდის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ ტენდენციებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს.
ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის - ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებებით.
განიხილეს მსხვილი საინვესტიციო პროექტებით ინვესტორების დაინტერესება. საბჭოს წევრებმა მთავრობის ახალი ინიციატივებიც მიმოიხილეს.
სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის აპრილში საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11,8% შეადგინა. ეკონომიკური ზრდის ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელმა 9% შეადგინა.
მიმდინარე წლის ივნისში გამოქვეყნებული პროგნოზით, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2024 წელს 5,2%-ს, 2025 წელს კი 5%-ს შეადგენს. ამრიგად, პროგნოზი გაუმჯობესებულია - შესაბამისად, 0,4%-ით და 0,5%-ით.