თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. თბილისის მერია მომავალი კვირიდან ვაკის რაიონში უნივერსიტეტის და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გვირაბის მშენებლობას იწყებს, განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
უნივერსიტეტის და ქავთარაძის ქუჩებს შორის გვირაბის მშენებლობის შესახებ ქალაქის ხელისუფლება მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ბაგების და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის გახსნის შემდეგ უნდა დაწყებულიყო. 332 მეტრი სიგრძის ოთხზოლიანი ხიდი 30 მაისს გაიხსნა.
„მომდევნო კვირიდან ერთ-ერთი გამორჩეულად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ. ეს იქნება უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბის მშენებლობასა“, - განაცხადა ბენდელიანმა.
მისი თქმით, გვირაბის მშენებლობა რვა თვეში, 2025 წლის იანვარში დასრულდება.
ხიდის მშენებლობის დაწყებამდე მერიამ უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია დაასრულა. 2023 წლის ივნისიდან ხუთი თვის განმავლობაში მუნიციპალურმა სამსახურებმა განაახლეს მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეცვალეს წყალმომარაგების, კანალიზაციის, გაზმომარაგების ქსელები, ასევე წყალარინების სისტემა.
„ამ გვირაბის სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2-3 წუთში, შესაძლებელი იქნება ქავთარაძის ქუჩაზე და შემდგომ ვაჟა-ფშაველაზე გადაადგილება. ეს იქნება დაახლოებით 8-თვიანი პროექტი. იანვრის თვეში გვირაბის სამუშაოები დასრულებული გვექნება“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.
მისი თქმით, წლის ბოლომდე მერია არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებს.