პრემიერ-მინისტრი დიუსელდორფში ჩავიდა და ფეხბურთელებს ევრო 2024-ის წინ წარმატებები უსურვა

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება
Sputnik
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე დიუსელდორფში ეროვნულ ნაკრებს შეხვდა და მომავალ მატჩებში წარმატებები უსურვა, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე.
ირაკლი კობახიძე ევრო 2024-ის დაწყებამდე საქართველოს ნაკრებს შეხვდა
ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება - გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. საქართველოს ნაკრები ჩემპიონატზე პირველ მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთთან გამართავს, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, 26 ივნისს კი გელზენკირხენში პორტუგალიას შეხვდება.
„მინდა, გამარჯვებები და წარმატებები გისურვოთ. მჯერა, კიდევ არაერთ სიხარულს მოუტანთ ჩვენს ქვეყანას”,- მიმართა პრემიერმა ფეხბურთელებს.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მნიშვნელოვან როლს მიღწეულ წარმატებებში და მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს.
პრემიერ-მინისტრი ფეხბურთელებს სპორტის ხელშეწყობის მიმართულებით მთავრობის გეგმებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონი აშენდება.
ირაკლი კობახიძე ევრო 2024-ის დაწყებამდე საქართველოს ნაკრებს შეხვდა
ნაკრებს სიტყვით მიმართა და ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ევრო 2024-ზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრები უეფასგან პრიზის სახით 9,25 მლნ ევროს მიიღებს. ჯგუფში ყოველი გამარჯვება გუნდს 1 მილიონ ევროს მოუტანს, ფრე კი - ნახევარ მილიონს.
ირაკლი კობახიძე ევრო 2024-ის დაწყებამდე საქართველოს ნაკრებს შეხვდა
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრების პრემია 850 ათასი ლარის ნაცვლად 3 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
მანამდე, საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში ჯილდოს სახით 30 მლნ ლარს გადასცემს. გარდა ამისა, ნაკრები ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ ყოველი მატჩის მოგებისთვის დამატებით 30 მლნ ლარით დაჯილდოვდება.