თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებებმა პირველ რიგში უნდა მოუსმინონ საკუთარი მოსახლეობის მოსაზრებებსა და შეფასებებს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) ევროპარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. ამასთან, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთსა და ავსტრიაში მმართველმა პარტიებმა სრული მარცხი განიცადეს.
„ჩვენ ვნახეთ, რომ საფრანგეთში შედეგის გამო რიგგარეშე არჩევნები ჩაინიშნა, ბელგიის პრემიერ-მინისტრი გადადგა, ვნახეთ, რომ გერმანიაში მმართველმა კოალიციამ მესამე, მეოთხე, მეხუთე ადგილები დაიკავა. ეს გარკვეულწილად აჩვენებს ამ ქვეყნებში მოსახლეობის მხრიდან ხელისუფლების პოლიტიკის შეფასებას. არის გარკვეული რეაქცია იმ პოლიტიკაზე, რომელიც მთავრობებს ჰქონდათ, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის მიმართულებით", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, დაიღალნენ ხელისუფლების ნეოლიბერალური მიდგომებით და სულ უფრო მეტად არიან მიდრეკილი კონსერვატიზმისკენ.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტენდენციაა მათ შორის, რომ ახალგაზრდობა ევროპაში სულ უფრო მეტად უჭერს მხარს კონსერვატორული, ტრადიციული ღიღებულებების მიდგომებს. ამ არჩევნებმა წევრ-ქვეყნებში აჩვენა, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდობა უფრო მეტად უფიქრდება, რაში მდგომარეობს საკუთარი ქვეყნის, ხალხის ინტერესები", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ თავიდან საჭიროა საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობა და შემდეგ საერთო ევროპულ ინტერესებზე საუბარი.
ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისის პერიოდში ევროკავშირის 27 ქვეყანაში ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ 51% შეადგინა.
როგორც ევროკომისიის მოქმედმა პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, იგი დარწმუნებულია რომ აღნიშნულ თანამდებობას ახალი ვადით კვლავ დაიკავებს.