თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი მოძალადე ორგანიზაციაა, ოპოზიციური პარტიის ოფისზე თავდასხმის ფაქტი დაგმობას იმსახურებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, თავდასხმაში 100-მდე ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც პარტიის წევრებს ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.
„მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ყოველგვარი ძალადობა არის დასაგმობი, ვემიჯნები ძალადობას. არ არის სასიამოვნო ძალადობის ფაქტები. მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობა“ არის მთავარი მოძალადე ორგანიზაცია ქვეყანაში, არ არის ლამაზი ასეთი ფაქტების ხილვა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოებას ახლა სჭირდება სიმშვიდე. პარტიები კი უნდა მოემზადონ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის და ისწავლონ ოპონენტებთან დისკუსია.
„სამწუხაროდ, ეს დაძაბული ველი და პოლარიზაცია, რაც არის დღეს ქვეყანაში, არ არის კარგი სანახავი. კიდევ ვიმეორებ, საჭიროა დამშვიდება და ცივილიზებული ფორმით აზრის გამოხატვა, პაექრობა, შეჯიბრებითობა. თუ რაღაცის შეცვლა უნდათ, ჯერ თვითონ უნდა შეიცვალონ და შეცვალონ საკუთარი დამოკიდებულება, რიტორიკა და მოემზადონ არჩევნებისთვის“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
აღნიშნული ფაქტი უცნობი პირების მიერ ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. გარდა ამისა, შეურაცხმყოფელი წარწერები გაჩნდა არაერთი ოპოზიციური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებთან. შეურაცხმყოფელი წარწერები სხვა ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებთანაც გაჩნდა.
თავის მხრივ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოში" განაცხადეს, რომ იმ დეპუტატების (მათი ოჯახის წევრების - რედ.) მიმართ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის მიღებას, NED-ის, EED-ის და „სოროსის ფონდის“ მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია „სირცხვილიას“ წევრები შეურაცხმყოფელ სატელეფონო ზარებს ახორციელებენ.