თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, არ ახორციელებს ზეწოლას ბიზნესმენებზე, განსხვავებით ოპონენტებისგან, რომლებიც იყენებენ იმავე მეთოდებს, რომლებსაც მიმართავდნენ ხელისუფლებაში ყოფნისას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რეზონანსული კანონპროექტის განსახილვის მიზნით, პრემიერმა 10 მაისს ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებტან შეხვედრა გამართა. შეხვედრა, რომელსაც ბიზნესის სხვადასხვა სფეროს 80-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, გაფართოებულ ფორმატში, კითხა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა.
„ჩვენი მხრიდან ბიზნესი თავისუფალია, მაგრამ ჩვენი ოპონენტები ბიზნესმენების მიმართ მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, რა მეთოდებსაც იყენებდნენ 2012 წლამდე. ათეულობით ბიზნესმენმა დაგვიდასტურა პირადად, რომ ისინი იყვნენ უმძიმესი ბულინგის ქვეშ და ამას აკეთებდნენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები", - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, „უცხოყური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიმართ ბიზნესმენთა წრეში მკაფიო დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. ზოგიერთმა მათგანმა საჯაროდ დააფიქსირა თავისი პოზიცია და ამის გამო „ლიბერალ-ფაშისტური ბულინგი“ განიცადა.
„რაც შეეხება განსხვავებულ მოსაზრებებს, ყველას ერთნაირი მდგრადობა არ აქვს ზეწოლის მიმართ, რაც გასაგებია, ეს ადამიანური მოვლენაა. ჩვენი მხრიდან ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია", - აღნიშნა პრემიერმა.
28 მაისს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლია და რეზონანსული კანონი საბოლოოდ მიიღო - ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა 84 დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 4-მა დეპუტატმა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.