რა უზრუნველყოფს საქართველოში ფასების სტაბილურობას: თურნავას განმარტება

ინფლაციური ტენდენციებისა და ინფლაციური პროგნოზის გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის დასაწყისიდან მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა დაიწყო, განაცხადა თურნავამ
Sputnik
თბილისი, 28 მაისი – Sputnik. ეროვნული ბანკის ადეკვატურმა და დროულმა რეაგირებამ, როგორც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების, ისე შემდგომში მისი შერბილების მიმართულებით, უზრუნველყო ქვეყანაში ფასების სტაბილურობა, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე წლიური ანგარიშის წარდგენისას.
საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი ხანი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა. რეფინანსირების განაკვეთი, 13 თვის შემდეგ პირველად, 2023 წლის მაისში შემცირდა და 10,5%-ს გაუტოლდა. აგვისტოში განაკვეთი 10,25%-მდე, სექტემბერში – 10%-მდე, დეკემბერში 9,5%–მდე, 2024 წლის იანვარში 9%-მდე, მარტში - 8,25%-მდე, მაისში - 8%-მდე შემცირდა.
„ფასების სტაბილურობა ეროვნული ბანკის ადეკვატურმა და დროულმა რეაგირებამ უზრუნველყო, როგორც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების, ისე შემდგომში მისი შერბილების მიმართულებით. 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაციური მოლოდინები და ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფასების ცვლილებას კლებადი ტენდენცია ჰქონდა და ბოლო პერიოდში, მიზნობრივ 3 პროცენტიანი მაჩვენებლის გარშემო ნორმალიზდა”, - განაცხადა თურნავამ.
თურნავას განმარტებით, ინფლაციური ტენდენციების და ინფლაციური პროგნოზის გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის დასაწყისიდან მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა დაიწყო. 2023 წლის დასაწყისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11% იყო და წლის ბოლომდე ეტაპობრივად, 1,5 პროცენტული პუნქტით, 9,5%-მდე შეამცირა.
„მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ ინფლაციური წნეხი აღმოფხვრილია და როგორც ინფლაციური მოლოდინები, ისე ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან სტაბილურად ახლოსაა, მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზების უფრო აქტიურ ფაზაში გადავედით. 2024 წლის დასაწყისიდან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დამატებით ჯამურად 1,5 პროცენტული პუნქტით შევამცირებთ. საბოლოო ჯამში, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-დან დღეის მდგომარეობით 8%-მდე არის შემცირებული”, - განაცხადა თურნავამ.
ვიცე-პრემიერი: ლარის კურსი იქნება სტაბილური, ფინანსური სისტემა კი მდგრადი>>>
როგორც მან აღნიშნა, ეროვნული ბანკი აქტიურად აკვირდება ეკონომიკურ ტენდენციებსა და გლობალურად მიმდინარე მოვლენებს და ყოველთვის მზად არის რეაგირება მოახდინოს ცვლადებად გარემოზე, საჭიროების შემთხვევაში შეარბილოს და საჭიროების შესაბამისად გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა.
„ამით ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური კეთილდღეობის მთავარ ფუნდამენტს - ფასების სტაბილურობას“, - განაცხადა მარეგულირებელმა.
სტატისტიკის მიხედვით, წლიურმა ინფლაციამ (2024 წლის აპრილი - 2023 წლის აპრილი) საქართველოში 1,5% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. აპრილში ფასების საერთო დონე 1,3%-ით გაიზარდა წლიურად, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2,3% შეადგინა.
მარეგულირებლის პროგნოზით, 2024 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია, სხვა თანაბარ პირობებში, მიზნობრივი დონის ქვემოთ იქნება და შემდგომ 3%-იანი მაჩვენებლის ფარგლებში დასტაბილურდება.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.