თბილისი, 21 მაისი – Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 77 პირი დააკავეს, მათ შორის 23 ნარკორეალიზატორია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბოლო პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ისე ირანის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის და ნიგერიის მოქალაქეები.
შსს-ს ინფორმაციით, გამოვლენილი იქნა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული. კერძოდ პოლიციამ ამოიღო ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში ფარულად მოთავსებული 52 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში ტრანზიტული გზით, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
გარდა ამისა, აღმოჩენილი და განეიტრალებული იქნა ერთ-ერთი მსხვილი ინტერნეტ-ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, რომელიც ე.წ. შავი ბაზრის 50%-ზე მეტს ამარაგებდა.
პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
ასევე ბრალდებულების პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მდმა“, „ალფა პვპ“, „მეტამფეტამინი“, „მეტადონი“, „ჰაშიში“ და ფსიქოტროპული ნივთიერებები.
ბრალდებულებისგან პოლიციამ ასევე ნივთმტკიცებად ამოიღო, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით თანხა.
გამოძიება სსკ-ის 260-ე და 262-ე (ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა) მუხლებით მიმდინარეობს.