თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ოპოზიცია პანიკას თესავს და ეს ლარის კურსზეც აისახება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ბოლო კვირაში ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,6797 GEL/$1 ნიშნულიდან 2,7323 GEL/$1 ნიშნულამდე გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა ბანკებისთვის დამატებითი ლიკვიდობის მიწოდების მიზნით ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის აუქციონზე 60 მლნ დოლარი გაყიდა, დოლართან მიმართებაში ლარის საშუალო შეწონილმა კურსმა 2,758 GEL/$1 შეადგინა.
„ვხედავთ, ბოლო დღეებში როგორი გამიზნული, მიზანმიმართული შეტევაა საქართველოს ეკონომიკაზე, არის განცხადებები, რომ ეკონომიკა დაზიანდება, ჩამოიქცევა, ლარის კურსი გაუფასურდება, ასევე არის მოწოდებები, რომ მოსახლეობამ გამოიტანოს დეპოზიტები და ა.შ. აქედან გამომდინარე, გადაჭარბების გარეშე, პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ პანიკის დათესვის მცდელობა, რომელიც არაერთი პოლიტიკოსის მხრიდან მოვისმინეთ ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყნისა და საკუთარი ხალხის ცალსახა ღალატია“, - აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის რაიმე ნეგატიური შედეგებისთვის ობიექტური საფუძველი არ არსებობს.
ლევან დავითაშვილი
© photo: Sputnik
„დავინახეთ, რომ მათ შორის, ლარის კურსმა დაიწყო დასტაბილურება და იმ შემთხვევაში, თუ პანიკას აჰყვებიან მოქალაქეები, სამწუხაროდ, იზარალებენ. ამიტომ, ცალსახაა, რომ უნდა შევინარჩუნოთ ამ შემთხვევაშიც სიმშვიდე და ობიექტურად შევხედოთ მოვლენებს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ლარის მკვეთრი ვარდნის შემდეგ (2,7596 GEL/$1-მდე) პარასკევს კურსი გამყარდა 0,0011 ლარით დოლარის მიმართ და შეადგინა 2,7585 GEL/$1. ეს კურსი უქმეებზეც შენარჩუნება.
ეროვნული ბანკის განცხადებით, მაკროეკონომიკური პარამეტრები ჯანსაღია - საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, სტაბილურია საგარეო შემოდინებები, ისტორიულ მინიმუმზეა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია, ფისკალური ბალანსი და სახელმწიფო ვალიც მდგრად დონეზეა შენარჩუნებული.