პარლამენტის უკანა შესასვლელთან არსებული ტერიტორია სამართალდამცველებმა დაიკავეს

თბილისის ცენტრში სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანაა მობილიზებული
Sputnik
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. საპოლიციო ძალებმა ჩიტაძის ქუჩა და პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებისგან სრულად გაათავისუფლეს.
ორშაბათს, 09:00 საათზე დაიწყება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც სადავო კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა იგეგმება. პლენარული სხდომა სამშაბათს, 14 მაისს არის ჩანიშნული.
პარლამენტის შენობასთან ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი. სამართალდამცველებმა დაიკავეს პარლამენტის უკანა შესასვლელთან არსებული სკვერიც - ამ დროისთვის ჭიჭინაძის ქუჩის მომიტინგეებისგან გათავისუფლება მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებს შორის არიან პოლიტიკოსები, მათ შორის პარლამენტის დეპუტატები. ისინი ძალოვანების ქმედებებს უკანონოს უწოდებენ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევას მოითხოვენ.
აქცია კვირას, 22:00 საათზე დაიწყო. ამ დრომდე აქციაზე ინციდენტი არ მომხდარა.
კვირას, საღამოს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მიმართა და მათ კანონის დაცვისკენ მოუწოდა - არ მოახდინონ პარლამენტის შესასვლელ-გამოსასვლელების ბლოკირება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონდამრღვევ პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.
დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, უწყება სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლს ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე აამოქმედებს - 222-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხ წლამდე ვადით.