თბილისი, 10 მაისი – Sputnik. სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის ბინიდან ამოღებული ყველა იარაღი და საბრძოლო მასალა ექსპერტიზაზე გადაიგზავნა, მათ შორის არის საბრძოლო ვაზნებიც, ნათქვამია შსს-ს კომენტარში.
იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე კიბერშეტევის საქმის ფარგლებში პოლიციამ 10 მაისს ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში ჩხრეკისას იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩინა, ჩხრეკის შემდეგ აბაშიძე დააკავეს.
„გვესმის ცალკეული სპეკულაციები გუშინ პოლიციის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირთან დაკავშირებით, ამიტომ კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული პირის საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა მათ შორის არაერთი საბრძოლო ვაზნა“, - აცხადებენ უწყებაში.
შსს-ში აცხადებენ, რომ ამოღებულ იარაღებს შორის არის აირსოფტის იარაღებიც, მაგრამ ყველა დეტალს ექსპერტიზა დაადგენს.
შსს-ს მონაცემებით, პოლიცია ატარებდა ჩხრეკას სახელმწიფო სტრუქტურების ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას.
ერთ-ერთი ბინა, სადაც ჩხრეკა მიმდინარეობდა, უჩა აბაშიძეს ეკუთვნის. როგორც ვიდეოზე ჩანს, პოლიციამ ბლოგერის ბინაში აღმოაჩინა დაახლოებით 10 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
აბაშიძის წინააღმდეგ საქმის გამოძიება მიმდინარეობს როგორც იარაღის შენახვის, ისე იუსტიციის სამინისტროს და პარლამენტის საიტების გატეხვის ფაქტებზე.