საქართველოში სასტუმროებში განთავსებაზე მოთხოვნა შემცირდა

მოთხოვნის შემცირებასთან ერთად განთავსებაზე ფასებიც შემცირდა, ამტკიცებენ ანალიტიკოსები
Sputnik
თბილისი, 9 მაისი — Sputnik. 2024 წლის პირველ კვარტალში Airbnb-ზე თბილისისა და ბათუმის სასტუმროებში განთავსებაზე მოთხოვნამ იკლო, ნათქვამია ანალიტიკური კომპანია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.
მესტია ყურადღების ცენტრშია: ტურიზმი იკლებს, აეროპორტი კი ფართოვდება>>
კერძოდ, პირველ კვარტალში Airbnb-ზე თბილისში დაჯავშნილი ღამეების რაოდენობა წლიურად 3,1%-ით შემცირდა და 120,7 ათასი ჯავშანი შეადგინა.
შედარებით მკვეთრი, 30,2%-იანი ვარდნაა ბათუმის შემთხვევაში - პირველ კვარტალში 42,9 ათასი ჯავშანი განთავსდა.
მოთხოვნასთან ერთად შემცირდა ფასებიც. ერთი ღამით განთავსების ღირებულება Airbnb-ზე განთავსებულ სასტუმროში თბილისში საშუალოდ 54 დოლარია, რაც წლიურად 6%-ით შემცირებული ფასია, ხოლო ბათუმში ფასი 14%-ით შემცირდა - 37 დოლარი.
საინვესტიციო ბანკის მიმოხილვის თანახმად, ქვეყანაში მზარდია განთავსების ადგილების რაოდენობა და დატვირთულობა. სასტუმროების რაოდენობა წლიურად 0,3%-ით, 1.188 ერთეულამდე, ხოლო ნომრების რაოდენობა 1,6%-ით, 35.875-მდე გაიზარდა.
სასტუმროს ნომრების დიდი ნაწილი თბილისსა (36,5%) და აჭარაშია (30,4%) კონცენტრირებული.