არც იოცნებონ გადატრიალებაზე - გომელაური ოპოზიციის გეგმებზე

დაიწყება გამოძიება აუდიოჩანაწერების ავთენტურობის დასადგენად, განაცხადა მინისტრმა
Sputnik
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. გადატრიალებაზე არც კი იოცნებონ, საკუთარ ოფისებში გადატრიალდნენ, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ოპოზიციის გეგმების შესახებ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერზე კომენტირებისას.
ქართულმა მედიამ „გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგო პროტესტების ფონზე განვითარებული მოვლენებით უკმაყოფილო ოპოზიციონერების საუბრის გაავრცელა. ჩანაწერები თავდაპირველად სააგენტო for.ge-მ გამოაქვეყნა. მათი ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის.
„არც იოცნებონ... საუბრები, გადატრიალება, შევარდნა, გამოვარდნა... გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ საკუთარ ოფისებში თუ უნდათ და დაანებონ პარლამენტსა და სახელმწიფო უწყებების შენობებს თავი“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მინისტრის თქმით, დაიწყება გამოძიება და დადგინდება აუდიოჩანაწერების ავთენტურობა.
„სამწუხაროა, რაც მოვისმინეთ. თუ ჩვენი ქვემდებარე იქნება, ჩვენ დავიწყებთ ამ საკითხზე მოკვლევას ან თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები - გამოძიებას. ავთენტურობა დასადგენია“, - განაცხადა გომელაურმა.
რაც შეეხება გუშინ შსს-ის ბრიფინგზე გავრცელებულ კადრებს, სადაც ნაჩვენებია საზღვარგარეთის ქვეყნებში აქციების დარბევა, გომელაურის თქმით, ამის ფონზე, საუბარი საქართველოში ძალის გადამეტებაზე სასაცილოა.
„იმ ღამეს, როდესაც პარლამენტის კარებს ახალგაზრდები უტევდნენ, დაწვეს, დაამტვრიეს კამერები, ცეცხლი დაანთეს და ა.შ. ერთი პოლიციელიც არ გამოსულა, არ მომხდარიყო შეტაკება, ეს ბავშვები არ დაშავებულიყვნენ, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ. მეორე დილით ვნახეთ ელჩების, სხვა ქვეყნის წარმომადგენლების განცხადებები, რომ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. ნამდვილად სასაცილოა!“ - განაცხადა გომელაურმა.
გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია პროვოკაციების მომზადების შესახებ, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციებზე უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ძალადობრივი სცენარების განვითარებისკენაა მიმართული. აქციის ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ პროტესტს მსხვერპლი მოყვება, განაცხადეს სუსში.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამცველებზე თავდასხმის ფაქტების გამოძიებას აგრძელებს. კერძოდ, 8-9 მაისს, აქციის მიმდინარეობისას პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტზე ექვსი მომიტინგე დააკავეს.