თბილისი, 3 მაისი — Sputnik. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის ვებგვერდზე.
16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 4 ქალი მსჯავრდებულია. 7 მსჯავრდებულს, მათ შორის ერთ ქალ მსჯავრდებულს, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
„შეწყალების აქტი შეეხო ასევე 2 პირობით მსჯავრდებულს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეწყალების უფლება საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ სახელმწიფოს მეთაური ერთპიროვნულად იღებს. შეწყალება შეიძლება შეეხოს ნებისმიერ მსჯავრდებულს, რომელსაც სასამართლომ უკვე გამოუტანა განაჩენი.