თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ევროპარლამენტის მკაცრ რეზოლუციას საქართველოს თემაზე მაკულატურა უწოდა და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა დაეხმაროს ევროპელ კოლეგებს აგენტოკრატიისგან თავის დაღწევაში.
ევროპარლამენტმა თავისი რეზოლუციით მოუწოდა ევროპულ საბჭოს, არ გახსნას საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, სანამ დღის წესრიგში დგას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. რეზოლუციაში შეტანილ ცვლილებებში კი საუბარია უვიზო რეჟიმის გადახედვის აუცილებლობაზე, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ასევე ლგბტ* პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივის გაწვევაზე.
„ევროპარლამენტმა მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო. იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას და ევროპულ იდეას, რომელიც თავისუფლებას, თანასწორობას, გამჭვირვალობას და სიმართლეს ეფუძნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მან სინანულით აღნიშნა, რომ დღეს ევროპულ სტრუქტურებში ლობიზმმა და მავნებლურმა ურთიერთობებმა ფეხი მოიკიდა.
„მსგავსი სამარცხვინო რეზოლუციები პირველ რიგში სწორედ ევროპულ ინსტიტუციებს აყენებს შეურაცხყოფას და აზიანებს მათ რეპუტაციას“, - განაცხადა კალაძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველო სჭირდება ევროპას.
„დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში. უახლოეს წარსულში ჩვენ გავათავისუფლეთ ქვეყანა გარე ძალებისგან მართული მარიონეტებისგან და ასევე დავეხმარებით ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ მათაც მოახერხონ და თავი დააღწიონ აგენტურის მმართველობას, რომლებიც აუფასურებენ ევროპულ სტრუქტურებს და ევროპულ იდეას“, - განაცხადა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ გენმდივანმა რეზოლუციაში არსებული ყველა მკაცრი განცხადება ამ რეზოლუციის ყველა ის ცვლილებები მიმოიხილა, რომლებსაც კენჭი ცალკე უყარეს.
„ლობიზმში თავიდან ბოლომდე ჩაფლული დეპუტატების პირით ქართველ ხალხს გვითხრეს, რომ უნდა გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი. კრიმინალი, რომელმაც ჩვენ ქვეყანაში წამების, მკვლელობის, ბიზნესის რეკეტის, ადამიანების ჩაგვრის და გაუპატიურების მანკიერი სისტემა შექმნა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ამის პარალელურად ევროპარლამენტარებმა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს. ადამიანის, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად „აგენტი კრიმინალების“ ბანდას გამოსტაცა ეს ქვეყანა ხელიდან და განადგურებისგან გადაარჩინა.
კალაძემ აღნიშნა, რომ ივანიშვილმა საქართველოს კულტურა და სულიერება საკუთარი უპრეცედენტო ქველმოქმედებით გადაარჩინა და ისეთ დემოკრატიას ჩაუყარა საფუძველი, სადაც „ადამიანის უფლება და თავისუფლებები უმაღლეს დონეზეა დაცული“.
ის ასევე გამოეხმაურა მოწოდებებს იმ კანონპროექტების გამოწვევის შესახებ, რომლებიც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასა და ოჯახური ღირებულებების დაცვას გულისხმობს.
„ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ - პირდაპირ გვითხრეს, საქართველოში ფართო ასპარეზი უნდა დავუთმოთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას, მის გავრცელებას და პოპულარიზაციას, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავალ თაობებს", - განაცხადა კახა კალაძემ.
იმავდროულად, მან აღნიშნა, რომ საქართველოში დაცულია ყველა ადამიანის უფლება, განურჩევლად რწმენისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა და ა.შ.
„რა თქმა უნდა, ჩვენ არავის პირადი ცხოვრებით არ ვინტერესდებით, არავის განსჯას არ ვაპირებთ. ყველას აქვს თავისი პირადი ცხოვრება და ვისაც როგორ უნდა, ისე შეუძლია, იცხოვროს, მაგრამ პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია”, - განაცხადა კახა კალაძემ.
ის ასევე გამოეხმაურა მოწოდებებს არ იქნას მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიებს რეგისტრაციის გავლას და ყოველწლიური დეკლარაციების შევსებას ავალდებულებს.
„მათი სურვილია, ჩვენ ქვეყანაში ფარულად შემოედინებოდეს შავი ფული, რომელიც შემდეგ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებებს ხმარდება. პარადოქსია, მაგრამ ამ ჩანაწერით რეზოლუციის მხარდამჭერი დეპუტატები დგანან გაუმჭვირვალობის, სიბნელის მხარეს. თან ეს იმ ფონზე, როდესაც უახლოეს პერიოდში თავად ევროკავშირი მიიღებს ბევრად უფრო მძიმე კანონს უცხოური დაფინანსების შესახებ“, - აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, ამ ჩანაწერით პირდაპირ უთხრეს საქართველოს, რომ მას არ შეუძლია გააკეთოს, ის რასაც თვითონ აკეთებენ.
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა აბსურდული უწოდა მოწოდებას ევროკომისიისადმი, ოპერატიულად შეაფასოს ინიცირებული კანონპროექტის („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“) გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის საკონტროლო მაჩვენებლების შესრულებაზე.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.
„ეს აბსურდული ჩანაწერი გაკეთდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის, როგორმე მოსახლეობაში გამოიწვიონ აჟიოტაჟი, დააბნიონ საზოგადოება, რათა შემდეგ გაამძაფრონ საპროტესტო მუხტი“, - განაცხადა კალაძემ.
ამის მაგალითად მან მოიყვანა ე.წ. რადიკალური ოპოზიციის რეაქცია ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებაზე.
„რეზოლუციის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში გაკოტრებული პოლიტიკოსები ერთმანეთის მიყოლებით დალაგდნენ კამერებთან და ხალხის მოტყუებას ცდილობენ, თითქოს უვიზო მიმოსვლას გვიუქმებენ. საზოგადოებას მინდა მივმართო, არ მოტყუვდეთ“, - განაცხადა კალაძემ.
მან აღნიშნა, რომ მსგავსი მექანიზმი არ არსებობს.
„ვიზალიბერალიზაციის არათუ გაუქმებას, არამედ ამ პროცესის წამოწყებას ევროკავშირის წევრი 27 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. საბედნიეროდ, ევროპულ ბიუროკრატიაში ჯერ კიდევ არიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მსგავს სამარცხვინო ნაბიჯს ბიძგს არ მისცემენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დასასრულს, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პრიორიტეტია ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყანაში მშვიდობა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე ზრუნვა.