თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ბათუმში ე.წ. „ოცნების ქალაქში" 500-ზე მეტ ეკომიგრანტს ბინის გადასაღებს მომავალ თვეში გადასცემენ, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სხდომაზე.
„ოცნების ქალაქი" ბათუმის გარეუბანში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 2012 წელს გაჩნდა. იქ მეწყერის შედეგად დაზარალებული მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა ცხოვრობს.
„ბინებით 582 ოჯახი დაკმაყოფილდება. მოხარული ვარ რომ ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე ელოდებოდნენ ამ პროექტის რეალიზაციას, ახლა მართლა აისრულებენ თავიანთ ოცნებებს", - განაცხადა რიჟვაძემ ჟურნალისტებთან.
წელსვე დაიწყება პროექტის მეორე ფაზის განხორციელება, რაც გულისხმობს მთლიანი ტერიტორიის დაგეგმარებას, სწორ ურბანულ განვითარებას, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას.
საცხოვრებელი კომპლექსის მასშტაბური სოციალური პროექტი აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 38,7 მლნ ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, რიჟვაძის თქმით, აჭარაში წარმატებით ხორციელდება „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში დიდი სოციალური გამოწვევის გადაჭრას.
სახელმწიფოს მხრიდან თითოეულ ოჯახზე დაფინანსების წილი 50 ათას ლარამდე გაიზარდა და ბიუჯეტმა 5.016,840 ლარი შეადგინა. წელს პროგრამით უკვე ისარგებლა 45 ოჯახმა და სულ 120-მდე ოჯახი შეძლებს საცხოვრისის შეძენას.
„სწორედ ამ მიზნით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაზრდილიყო საცხოვრისით დაკმაყოფილების დაფინანსება და დღეის მდგომარეობით 50 ათას ლარს შეადგენს. ასევე, გავაორმაგეთ ბიუჯეტის შესაბამისი მიზნობრივი დაფინანსება და გასულ კვირას, პროგრამის ფარგლებში, 30-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო ახალი საცხოვრისი” - განაცხადა რიჟვაძემ.
პროგრამა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2016 წლიდან ხორციელდება და ჯამში 753 ოჯახმა შეძლო უსაფრთხო საცხოვრისის შეძენა.