ახალგაზრდული ზამთრის ოლიმპიადისთვის ბათუმში ყინულის სასახლეს ააშენებენ

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, თანამედროვე სტანდარტების ახალი ყინულის სასახლე 1,5 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი
Sputnik
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. აჭარის მთავრობამ 2025 წლის ახალგაზრდული ზამთრის ოლიმპიადისთვის ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლისა და საცურაო აუზის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე.
ბაკურიანმა 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის ოფიციალური სტატუსი მიიღო. გადაწყვეტილება 2020 წელს ევროპის ოლიმპიური კომიტეტის 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს - თამაშების ნაწილი თბილისისა და ბათუმის სპორტულ მოედნებზე ჩატარდება.
„გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ავაშენოთ და დავასრულოთ ბათუმის ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობა, რომელიც 2025 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს", განაცხადა რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მასშტაბური პროექტის განხორციელებით ბათუმს ახალი, თანამედროვე სტანდარტების, 1500 მაყურებელზე გათვლილი ყინულის სასახლე და 800 მაყურებელზე გათვლილი საცურაო აუზი ექნება.
ყინულის არენის და ორი აუზის მოწყობა საერთაშორისო ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება. პროექტის ახალ ეტაპზე იზრდება ორივე შენობა-ნაგებობის მთლიანი სივრცული მოცულობა, იცვლება და უმჯობესდება შენობების არქიტექტურულ-ვიზუალური მხარე.
2015 წელს საქართველო პირველად გახდა ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი-ქვეყანა. 27 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში თბილისში სპორტის ცხრა სახეობაში შეჯიბრებები გაიმართა. ფესტივალში 50 ქვეყნიდან ოთხი ათასამდე სპორტსმენი მონაწილეობდა. მაშინ ქართველმა სპორტსმენებმა ოთხი ოქრო და ექვსი ბრინჯაო მოიპოვეს.