საქართველოში ზოგადი განათლების ახალი სისტემა ეროვნული მიზნების გათვალისწინებით მომზადდა

პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ზოგადი განათლება სწორ პრინციპებს დაეფუძნოს
Sputnik
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესახებ დოკუმენტის პროექტი მოამზადა, რომლის საბოლოო ვერსია ფართო დისკუსიებისა და სასკოლო საზოგადოების წევრთა მაქსიმალური ჩართულობის შემდეგ შემუშავდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, გაუმჯობესდება სასწავლო პროგრამები, საგანმანათლებლო რესურსები, სასკოლო გარემო, რაც უზრუნველყოფს სკოლისთვის დასახული მიზნების მიღწევას.
„იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, იმ ღირებულებებზე, რომელიც ჩვენ მოგვდგამს საუკუნეების განმავლობაში, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს ზოგადი განათლება ჩვენს ქვეყანაში, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გაუმჯობესდება ჩვენი ახალგაზრდების განათლების ხარისხი, ღირებულებების გააზრება და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, დოკუმენტში ცვლილებები არ შესულა ბოლო 20 წლის მანძილზე.
დოკუმენტს საფუძვლად უდევს შემდეგი ღირებულებები და პრინციპები:
პატრიოტიზმი და ეროვნული სულისკვეთება;
სახელმწიფოებრივი აზროვნება;
ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემა;
სახელმწიფო ენა, ისტორია და კულტურა;
ეთნიკური მრავალფეროვნება და კულტურული მემკვიდრეობა;
თავისუფალი, დემოკრატიული და მშვიდობიანი საზოგადოება;
სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს მშენებლობა;
მდგრადი განვითარება და საზოგადოების კეთილდღეობა;
ჩართულობა, ტოლერანტობა და სამართლიანობა;
მაღალი სამოქალაქო ცნობიერება;
ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივი, მორალური და ეთიკური პრინციპები;
უფლებები, ვალდებულებები და სოციალური პასუხისმგებლობა;
გარემოს დაცვითი ცნობიერება;
ჯანსაღი ცხოვრების წესი და ფიზიკური, ესთეტიკური, სოციო-ემოციური განვითარება;
ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
აკადემიური ცოდნა და წიგნიერება;
კომუნიკაციის მაღალი კულტურა და ციფრული მოქალაქეობა, შემოქმედებითობა და სიახლეთა მიმღებლობა.
ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, რითაც დაკავდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, აღნიშნა პრემიერმა.