ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

ელჩის ზაზა კანდელაკის თქმით, ისრაელში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ ისრაელის ხელისუფლების მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია და ამ რეკომენდაციების თანახმად დაიცვან უსაფრთხოების ზომები.
Sputnik
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის „ცხელი ხაზი" ამოქმედდა, რომლის მეშვეობითაც ისინი შეძლებენ მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიღებას, განაცხადა ისრაელში საქართველოს ელჩმა ზაზა კანდელაკმა.
14 აპრილის ღამეს ირანმა, დამასკში ირანის საკონსულოზე თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა.
„საელჩო ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მოქმედებს. ჩვენ მთელი ძალით ვცდილობთ ჩვენს მოქალაქეებამდე მივიტანოთ ინფორმაცია იმ უსაფრთხოების ზომების შესახებ, რომლის თაობაზეც ახლა ცხადდება. ამოქმედებულია „ცხელი ხაზი" და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ნებისმიერ დროს მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მიიღოს საელჩოდან", - განაცხადა კანდელაკმა ჟურნალისტებთან.
დიპლომატის თქმით, ისრაელში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ ისრაელის ხელისუფლების მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია და ამ რეკომენდაციების თანახმად დაიცვან უსაფრთხოების ზომები.
ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა მოჰამედ ბაგერიმ დააზურსტა, რომ თეირანმა დაასრულა ისრაელის წინააღმდეგ ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება", თუმცა აღნიშნა, რომ თელ-ავივის მხრიდან ესკალაციის შემთხევაში მოქმედებას გააგრძელებს.
ირანის მხრიდან თავდასხმა შეაფასეს დასავლეთის ქვეყნებმა, გაეროს გენმდივანმა ანტონიუ გუტერეშმა დეესკალაციისკენ მოუწოდა. ისრაელის მოთხოვნით, კვირას გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩაინიშნა.
თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ თელ-ავივმა თეირანის დარტყმები მოიგერია და პირობა დადო, რომ „ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ". ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტიმ დასძინა, რომ კამპანია ჯერ არ დასრულებულა.