თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. 1-ელი მაისიდან საქართველოში ლარში სესხების გაცემის ახალი ლიმიტი ამოქმედდება - ჰეჯირების პრინციპი 300 ათასის ნაცვლად 400 ათას ლარზე მაღალ სესხებს შეეხება.
ჰეჯირება (Hedging) გამოიყენება საფინანსო ბაზრებზე რისკების შესამცირებლად, რომლებიც შესაძლებელია გამოიწვიოს არახელსაყრელმა ფაქტორებმა.
სესხის ლიმიტი 400 ათასი ლარის ფარგლებში არ იმოქმედებს იმავე ვალუტაში სრულად უზრუნველყოფილ სესხებზე, საქართველოში დაურეგისტრირებელი იურიდიული ან მოქალაქეობის არმქონე პირების სესხებზე და უცხოურ ვალუტაში სესხის დასაფარად საჭირო შემოსავლის მიმღებ პირებზე.
ახალი გადაწყვეტილებით, 1 მაისიდან ზღვარი 400 ათას ლარამდე იზრდება. მარტივად რომ ვთქვათ, თუ დოლარში სესხის აღება გადაწყვიტეთ, ის უნდა აღემატებოდეს 400 ათასი ლარის ეკვივალენტს დოლარში. ცვლილება ყველა ტიპის სესხს შეეხება.
ამასთან, ლარსა და დოლარში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთები უცვლელი რჩება. 2023 წელს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება 300 ათას ლარზე მეტი ლიმიტის მქონე სესხებისთვის ჰეჯირების შემოღების შესახებ.
ეროვნული ბანკის გეგმები
დოლარიზაციით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შერბილების მიზნით, ეროვნული ბანკი, საბანკო სექტორთან თანამშრომლობით, აქტიურად მუშაობს დაკრედიტების პოლიტიკის გრძელვადიან გეგმაზე. მარეგულირებელი გეგმავს მაქსიმალურად გაითვალისწინოს შესაძლო გავლენა ეკონომიკური მდგომარეობის საკრედიტო აქტივობაზე და მოსახლეობისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა.