თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პოლიციელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლისთვის მსჯავრდებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებით თავად ესროლა პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილი“, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შეიწყალებს გრიგორიადისს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 აპრილს დამნაშავედ ცნო პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში მისი სამსახურებრივი საქმიანობის გამო, ასევე ცეცხლის წაკიდებით ქონების განადგურებაში და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„ამ ქალმა საერთოდ დაივიწყა კონსტიტუცია, კანონი, პატივს არ სცემს ჩვენს ქვეყანას, ხალხს, ამომრჩეველს, ბოლომდე უღალატა მან არა მარტო ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს პარტიას, ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას, მან უღალატა ჩვენს პოლიციას, შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს პოლიციას. ამ ქალმა როგორ უნდა შეძლოს ამ საქმიანობის გაგრძელება წარმოუდგენელია ჩემთვის, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და ჩემს თვალში ეს არის დანაშაული ჩადენილი პოლიციის წინააღმდეგ! ის არის თანამონაწილე, სალომე ზურაბიშვილმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელს ამ შეწყალებით, ეს არის ჩემი შეფასება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პოლიტიკოსმა პრეზიდენტის მოქმედებას ანტისახელმწიფოებრივი უწოდა.
„ექსტრემისტი პირი შეიწყალა ე.წ. პრეზიდენტმა. ეს არის, რა თქმა უნდა, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება“, - აღნიშნა მან.
თავის მხრივ, მმართველი პარტიის სხვა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის ქმედებას „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკა უწოდა.
„პოლიციაზე და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდებული შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც არის მისი „ნაცური“ გადაწყვეტილება, მეტი არაფერი. როდესაც იწყალებ პოლიციაზე და საკუთარ მამაზე თავდამსხმელს, ეს უკვე შენი პოლიტიკური მრწამსის შემადგენელი ნაწილია“, - განაცხადა მდინარაძემ.
საქმის დეტალები
გრიგორიადისის საქმეზე გამოძიებამ დაადგინა, რომ 2023 წლის7 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე რუსთაველის გამზირზე მან ორჯერ ესროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც 9 აპრილის ქუჩაზე პროფესიულ მოვალეობებს ასრულებდნენ.
მისი მოქმედების შედეგად დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა დამწვრობები მიიღო, მათ სტაციონარული მკურნალობა დასჭირდათ.
გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ 9 მარტის ღამით გრიგორიადისმა განზრახ დაწვა ჭანტურიას ქუჩაზე მდგარი შსს-ს კუთვნილი ავტომობილი. ამის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზარალმა 39,5 ათასი ლარი შეადგინა.
გრიგორიადისის გარდა, ამ დროისათვის აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანია ბრალდებული, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
ადრე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა ბრალდებულის შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს. ზურაბიშვილს განცხადებით, მას მიმართეს მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმაც და გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავება სთხოვეს.
დღეისათვის გრიგორიადისი პოლიციელებზე თავდასხმის საქმის ერთადერთი პატიმრობამისჯილი ფიგურანტია.
7-9 მარტს თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.