თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს, სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, ფიზიკური პირების საგადასახადო ამნისტიის შესახებ გადაწყვეტილება ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს. შესაბამისი ინიციატივა ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა.
„საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან ფიზიკური პირები, რომლებსაც ერიცხებათ საგადასახადო დავალიანება და ამის გამო ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, აწარმოონ ეკონომიკური საქმიანობა. ამიტომაც გადავწყვიტეთ ჩამოვწეროთ შესაბამისი დავალიანებები", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის ინფორმაციით, საგადასახადო ამნისტია საქართველოს 145 ათას მოქალაქეს შეეხება.
„შესაბამისად, 145 ათას ჩვენს თანამოქალაქეს საშუალება ექნება, აქტიურად ჩაერთოს ჩვენს ეკონომიკურ ცხოვრებაში, რაც ეკონომიკის განვითარებასაც წაადგება“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, კანონპროექტის მიღების შემდეგ 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება, ჯამში, 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება.
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერის თაობაზე მომზადებული პროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დაინიცირდება.
მისი თქმით, განმსაზღვრელი ფაქტორი, რის გამოც აღნიშნული პერიოდი (2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება) შეირჩა, საგადასახადო ხანდაზმულობა იყო.