ონკოპაციენტების მკურნალობა უფრო ხელმისაწვდომი გახდება: პროგრამის სიახლეები

საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანაბრად ხელმისაწვდომია ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის
Sputnik
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. 25 ათასი ლარიანი ლიმიტიდან, რომელსაც სახელმწიფო ონკოლოგიური დაავადების მქონე საქართველოს თითოეული მოქალაქის სამკურნალოდ გამოყოფს, მედიკამენტები ცალკე იქნება გამოტანილი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოში კიბოს მკურნალობა თანაბრად ხელმისაწვდომია ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის და მთავრობის დაფინანსება ამ მიმართულებით მუდმივად იზრდება.
„ამ მუშაობის შედეგად, რომელიც მოიცავდა არაერთ შეხვედრას შესაბამის კლინიკებთან, ფარმაცევტულ სექტორთან, სპეციალისტებთან, პარლამენტთან, ასევე თავად ონკოლოგიურ პაციენტებთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი კობახიძესთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 000-იანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით“, - განაცხადა სარჯველაძემ.
მისი თქმით, ამგვარად პრაქტიკულად გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე პაციენტისთვის ლიმიტის გამო ხელმიუწვდომელი გახდეს სახელმწიფოს დაფინანსებული მკურნალობის სრული კურსი.
სარჯველაძის თქმით, ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, რომლებსაც უკვე ამ დროისთვის შეიძლება ჰქონდეთ ამოწურული 25 ათასიანი ლიმიტი.
მინდა ვიცოცხლო“: პარლამენტთან ონკოპაციენტების მხარდამჭერი აქცია გაიმართა>>>
„გაგრძელდება მუშაობა ყველა სხვა მიმართულებით, რაც აუცილებელია პაციენტების პრობლემების გადაჭრისათვის. ეს იმისათვის, რათა ამ მუშაობის შედეგად პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი იყოს მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისი და სახელმწიფოს მეტი სახსრები რჩებოდეს ისევ პაციენტთა საკეთილდღეოდ ამ სახსრების გამოსაყენებლად“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
კიბოსთან ბრძოლის პროგრამა
2023 წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ფინანსდება ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის, ასევე - ონკოქირურგიის სერვისები.
ჯანდაცვის სამინისტრომ მაღალი ხარისხის ონკოლოგიური მედიკამენტების შეძენა უშუალოდ მწარმოებლისგან დაიწყო. კომპანია „როშესთან“ და „ნოვარტისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად სახელმწიფომ ძვირადღირებული მედიკამენტები მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა.
ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ სახელმწიფო დაფინანსება მუდმივად მზარდია - თუ ონკოლოგიის მიმართულების ბიუჯეტი 2012 წელს 17 მილიონი ლარი იყო, 2023 წელს პროგრამების ბიუჯეტი 250 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტების საჭიროებებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარდა რეფერალური კომისიის ფარგლებშიც განიხილავს, სადაც პაციენტისთვის სამედიცინო სერვისებისა და მედიკამენტების დაფინანსება ინდივიდუალურად ხდება.
2024 წლის მარტიდან ამოქმედდა კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა, რაც გულისხმობს ადრეული კვლევების დაფინანსებას. პროგრამა მოიცავს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებსა და სპეციალისტის კონსულტაციას, რაც გააუმჯობესებს ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენას ადრეულ ეტაპზე.