საქართველოში ნარკოდანაშაულისთვის 14 პირი დააკავეს

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, მათ შორის 7 ნარკორეალიზატორია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე ბრალდებულთა დაკავების სპეცოპერაციები ჩატარდა თბილისში, ქვემო ქართლში, აჭარაში, იმერეთსა და გურიაში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 18-დან 55 წლამდეა, არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები: მარიხუანა, „მდმა“, „ჰაშიში“, „ალფა პვპ“, „მეტადონი“, „ჰეროინი“, „ბუპრენორფინი“ და „სუბოტექსი“. ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია ელექტრო სასწორები, პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები.
მათ ბრალდება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 262-ე, 273-ე პრიმა და 18-273-ე პრიმა (ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.
წყარო - შსს