თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დამატებითი უსაფრთხოების ღვედია იმ პირობებში, როდესაც რამდენიმე წელია უამინდობა საქართველოს თვითმფრინავივით აბურთავებს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა „პირველი არხის“ ეთერში.
საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტის ინიცირება მოახდინა, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე გაიწვია. ამ საკითხთან დაბრუნების არგუმენტად დასახელდა ის, რომ უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება, მიუხედავად დაპირებული გამჭვირვალობისა. საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს როგორც ოპონენტებმა, ისე ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა.
„სასურველი და აუცილებელია, რომ ვიგრძნოთ საფრთხე და დავინახოთ რეალობა, რომელიც არაა დამამშვიდებელი. ბოლო რამდენიმე წელია, საქართველო ისეთ მდგომარეობაშია, როგორც თვითმფრინავი, რომელიც მიფრინავს და ცუდი ამინდი ჰაერში აბურთავებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მან აღნიშნა, რომ საზოგადოებას უფლება აქვს, ოფიციალურად იცოდეს იმ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ანტიქართულ საქმეს ემსახურებიან და უარს ამბობენ უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების გამჭვირვალობაზე.
„ვისაც არაფერი აქვს დასამალი, ის მშვიდადაა და ფინანსებში გამჭვირვალობა ყველასთვის უნდა იყოს წამყვანი. ერთადერთი სექტორი, სადაც ფინანსურად ყველაფერი გაუმჭვირვალეა, მხოლოდ არასამთავრობო სექტორია. აქ გაჯანსაღებას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით“, – დასძინა თეა წულუკიანმა.
მან განმარტა, რომ ახალი კანონპროექტი არ ეხება ფიზიკურ პირებს, მათ შორის ემიგრანტებს, მეცნიერებს და სხვებს. ეს ეხება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას, რომელთა დაფინანსებაც საზღვარგარეთიდან აღემატება მთლიანი შემოსავლის 20%-ს.
„ჩვენი უმრავლესობის მიერ წინა წელს ამ კანონის ინიცირებიდან დღემდე მრავალი რამ შეიცვალა, მათ შორის ის, რომ იდენტური კანონის მიღება დაიწყო ბრიუსელში ევროკავშირმა. ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანამ ზუსტად ისეთივე კანონის შემუშავება დაიწყო, როგორიც ჩვენ გუშინ დავიწყეთ, მაგალითად, ისეთმა დიდმა ქვეყანამ, როგორიცაა საფრანგეთი“, - აღნიშნა მან.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ვერანაირად ვერ ვუწოდებთ „რუსულ კანონს“. ისევე როგორც ერთი წლის წინ, ასე უწოდებს კანონპროექტს ოპოზიცია, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური მედია.
ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. მისი თქმით, როდესაც ევროკავშირი საუბრობს მსგავსი კანონის მიღებაზე, საუბარია იმაზე, რომ ის ემსახურება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დემოკრატიის განმტკიცებას, რათა ყველა ორგანიზაციის დაფინანსების წყარო გამჭვირვალე იყოს.
„აქაც მხოლოდ ერთ რამეზეა საუბარი - მოხდეს ძალიან მკაფიო ანგარიშგება დაფინანსებასთან დაკავშირებით. მეტი არაფერზეა საუბარი, სხვა ტიპის პასუხისმგებლობას ეს კანონი არ ითვალისწინებს“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბევრმა წარმატებულმა დასავლურმა ქვეყანამ მიიღო მსგავსი კანონმდებლობა და ახლა მის მიღებას ევროკავშირი აპირებს. და ეს ემსახურება ევროკავშირის ქვეყნებში დემოკრატიის გაძლიერებას, რათა ყველა ორგანიზაციის დაფინანსების წყარო იყოს ღია.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე დანერგა ევროპული გამჭვირვალობის სტანდარტები და ახლა დადგა დრო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი დონორებისთვის.
ინიციატივის ჩავარდნის ისტორია
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღების პირველი მცდელობა 2023 წლის გაზაფხულზე იყო. აჟიოტაჟი მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის თებერვლის შუა რიცხვებში საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა პარტია „ხალხის ძალამ" კანონპროექტი დააინიცირა.
ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა იდეას და განმარტა, რომ პროექტის ერთადერთი მიზანია მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
„ქართული ოცნებისა" და „ხალხის ძალის" ლიდერები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე (FARA) გაცილებით ლიბერალურია.
როგორც მტკიცებულება, „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა FARA ქართულ ენაზე თითქმის მთლიანად თარგმნეს და ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც კანონპროექტის პირველ ვარიანტს აპროტესტებდნენ, კანონის ამ ვერსიის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს, თუმცა, უშედეგოდ - აღნიშნული პროექტიც ჩავარდა.
ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებსაც კანონპროექტის მიხედვით, დაფინანსების შესახებ ინფორმაცია უნდა გაემჟღავნებინათ, პროექტს მაშინვე „რუსული კანონი" უწოდეს.
მოგვიანებით, საქართველოში იმ დროისთვის აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კელი დეგნანმა, განაცხადა, რომ ეს არის „რუსული კანონი“ - საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
ამის ფონზე საქართველოში საპროტესტო განწყობები გაიზარდა. თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
7-9 მარტის საპროტესტო აქციების დროს დააკავეს ათობით მომიტინგე, ადმინისტრაციული სასჯელის სახით თითქმის ყველას ჯარიმის გადახდა დაეკისრა. გისოსებს მიღმა მხოლოდ ლაზარე გრიგორიადისია, რომელიც ამ დრომდე განაჩენს ელოდება. მას ბრალად ედება პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა, რის შედეგადაც ორმა მათგანმა დამწვრობა მიიღო. გრიგორიადისს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შედეგად, ხელისუფლებამ უარი განაცხადა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე. როგორც მაშინ მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს დაუბრუნდეს აღნიშნული კანონის მიღების საკითხს.