საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი მაღალ დონეზე შენარჩუნდება - ვიცე პრემიერი

საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპასა და მთლიანად რეგიონში, განაცხადა დავითაშვილმა.
Sputnik
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკური ზრდა მაღალ დონეზე შენარჩუნდება 2024 წელს და მომდევნო წლებში, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა. ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს შეადგინა 10,6%, 2022 წელს - 11%, ხოლო 2023 წელს - 7მ5%.
„ჩვენი მოლოდინი და პროგნოზია, რომ 2024 და მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება და ერთ სულ მოსახლეზე მშპ 2024 წლისთვის 23100 ლარს, 8500 აშშ დოლარს გადააჭარბებს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანი საგარეო გამოწვევების და გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკამ შეინარჩუნა მდგრადობა და ევროპისა და ფართო რეგიონის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჩვენა.
მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის კუთხით 2024 წელი მნიშვნელოვნად პოზიტიური და დამაიმედებელი ტენდენციებით დაიწყო. კერძოდ, იანვარ-თებერვლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7,7%-ს გაუტოლდა, მათ შორის თებერვალში 9,5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მდგრად დონეზე ნარჩუნდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა და საქართველოს მშპ-სთან მიმართებით რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.
„ბოლო სამ წელიწადში ქვეყანაში დაახლოებით 5 მილიარდი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. 2023 წლის მდგომარეობით, ასევე გაუმჯობესდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტიც და მშპ-თან მიმართებით 4,3% შეადგინა (2022 წელს - 4,5%), ასევე ნარჩუნდება მისი დაფინანსების ჯანსაღი სტრუქტურა. 2023 წელს ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2,5%-მდე (ფისკალური წესით განსაზღვრულ 3%-ზე ნაკლები), ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-ს 39,3%-მდე შემცირდა“, - განაცხადა მან.
მინისტრი ინფლაციის დონესაც შეეხო - 2023 წლის აპრილიდან მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება, ხოლო 2023 წლის საშუალო წლიურმა ინფლაციამ 2,5% შეადგინა. ამასთან, ბოლო 10 თვის განმავლობაში ინფლაციის დონე 1%-ზე ნაკლებს შეადგენს.
TBC Capital-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2024 წელს გაზარდა>>>
ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2024 წლის იანვარ-მარტშიც, წინა წლის მსგავსად, ევროპისა და რეგიონის მასშტაბით, საქართველოში ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება. რაც შეეხება უმუშევრობის დონეს - 2023 წელს ის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, ასევე დაფიქსირდა დასაქმების რეკორდული მაჩვენებელი, 2023 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 51 ათასით გაიზარდა და 1,335 მილიონი შეადგინა.
„პოზიტიურ ტენდენციებს ხელი შეუწყო გონივრულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, რეფორმების განგრძობადობამ და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისკენ მიმართულმა მთელმა რიგმა ღონისძიებებმა. ამასთან, უმუშევრობა და სიღარიბე კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. შესაბამისად, ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად მიზანს სწორედ დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
საქართველოში 2023 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონემ 15,3% შეადგინა, რაც მესამე კვარტალთან შეადრებით 0,7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
საანგარიშო პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 0,9 ათასი ადამიანით, ანუ 0,4%-ით შემცირდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 248,6 ათასი ადამიანი შეადგინა. მთელ ქვეყანაში დასაქმების დონე 1,8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 46% შეადგინა.