თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. დასაქმების ფორუმი, რომელსაც ქუთაისში სასტუმრო „ქუთაისი ინნ“ უმასპინძლებს, 3 აპრილს ჩატარდება, ნათქვამია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიება, რომელიც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ტარდება, ოფიციალურად 14:00 საათზე გაიხსნება. ფორუმის მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მსხვილი, ისე ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეები. 35-ზე მეტი კომპანია 350-ზე მეტ ვაკანსიას წარმოადგენს – საბანკო, საფინანსო, საოფისე, სამედიცინო და აიტი სფეროებიდან, ასევე - საწარმო, რითეილის, გაყიდვების, სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრიის მიმართულებით.
სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთიან სივრცეში რეგიონში არსებულ აქტიურ ვაკანსიებს გაეცნონ და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაგეგმონ შემდგომი თანამშრომლობა.
გარდა დასაქმების შესაძლებლობისა, პირველად ქუთაისის ფორუმის ფარგლებში მოეწყობა საგანმანათლებლო დაწესებულებების კუთხე, სადაც ადგილობრივი უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები ახალგაზრდებს საკუთარ სასწავლო პროგრამებსა და ფაკულტეტებს გააცნობენ.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო დასაქმების ფორუმებს პერმანენტულად ატარებს სხვადასხვა რეგიონში. უწყების ცნობით, შემდეგი მასშტაბური ფორუმი, ტურისტული სეზონის სამზადისთან ერთად, ბათუმში გაიმართება.