თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. თურქეთის მმართველმა „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ" მუნიციპალურ არჩევნებზე სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, თუმცა პროცესი დემოკრატიულად წარიმართა, განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა.
31 მარტს თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. კენჭისყრის შედეგებით, ქვეყნის მთავარი ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ კონტროლის ქვეშ სტამბულის, ანკარისა და ანტალიის გარდა, მოექცა ახალი ქალაქები - სამრეწველო ცენტრები ბურსა და თექირდაღი.
„სამწუხაროდ, 2023 წლის მაისის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მუნიციპალურ არჩევნებში სასურველ შედეგებს ვერ მივაღწიეთ“, - განაცხადა ერდოღანმა ანკარაში კენჭისყრის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, მმართველი პარტია არჩევნების შედეგებს გააანალიზებს და „თვითკრიტიკაში ჩავერთვება".
ამასთან, ერდოღანმა აღნიშნა, რომ არჩევნები დემოკრატიულ პირობებში და სერიოზული ექსცესების გარეშე ჩატარდა.
„31 მარტი ჩვენთვის არ არის დასასრული, არამედ გარდამტეხი მომენტია. მუნიციპალურ არჩევნებში თურქმა ერმა ისევ გამოიყენა საარჩევნო ყუთი პოლიტიკოსებისთვის თავისი გზავნილების გადასაცემად. შედეგების მიუხედავად, ამ არჩევნებში გამარჯვებული, პირველ რიგში, ჩვენი დემოკრატია, ეროვნული ნებაა. ცალკეული ინციდენტების გარდა, არ ყოფილა რაიმე სერიოზული შემთხვევები, რამაც შეიძლება შელახოს არჩევნების ატმოსფერო“, – განაცხადა ერდოღანმა.
ბიულეტენების 90%-ის დათვლის შემდეგ „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ 37,32%-ით ლიდერობს, ხოლო პრეზიდენტ ერდოღანის პარტია „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ” ხმების 35,78% მიიღო. საერთო ჯამში ოპოზიციურმა პარტიამ თურქეთის 81 პროვინციიდან 36-ში გაიმარჯვა.
არჩევნებში 34 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 200 ათასი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.