ავიაკომპანია Wizz Air-ი რეისებს კვლავ ამცირებს

ქუთაისიდან ჰამბურგის, მადრიდის და ტალინის მიმართულებით ფრენები Wizzair-ის ვებგვერდზე ოქტომბრამდე აღარ იძებნება.
Sputnik
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი ევროპის ქვეყნების მიმართულებით რეისების რაოდენობის შემცირებას განაგრძობს, იუწყება გამოცემა „ტაბულა“.
ქუთაისიდან ჰამბურგის, მადრიდის და ტალინის მიმართულებით ფრენები Wizzair-ის ვებგვერდზე ოქტომბრამდე აღარ იძებნება. გარდა ამისა, მგზავრებმა, რომლებსაც უკვე შეძენილი ჰქონდათ ბილეთები, მიიღეს კომპანიისგან შეტყობინება ესპანეთის, იტალიის და საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქში ქუთაისიდან გარკვეული რეისების გაუქმების შესახებ. სანაცვლოდ ავიაკომპანიამ მათ შესთავაზა ბილეთის გადაცვლა სხვა დღეს ან სხვა მიმართულებით.
ცვლილებებია ზოგიერთი მიმართულების სიხშირეშიც. მაგალითად, ამ დრომდე ქუთაისიდან მილანში კვირაში ოთხჯერ იყო ფრენა, ახლა რაოდენობა ორამდეა შემცირებული.
Wizzair-ის ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა გამოცემა ვარაუდობს, რომ ფრენების გაუქმება/შემცირება შესაძლოა კვლავ თვითმფრინავების ძრავების შემოწმებას უკავშირდება.
მედიის ცნობით, ავიაკომპანიას გასული წლიდან დაახლოებით 40-45 Airbus A320neo family-ის ინსპექტირება დასჭირდა ძრავებთან დაკავშირებული სავარაუდო პრობლემების გამო. ამან სხვადასხვა ევროპულ ქალაქში ფრენების გაუქმება/შემცირება გამოიწვია. მათ შორის, Wizzair-მა რამდენიმე თვის წინ ქუთაისიდან ფრენები გააუქმა პოლონეთის ქალაქების - გდანსკის და ვროცლავის მიმართულებით.
EURO-2024: საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენებს დაამატებენ >>
WizzAir ევროპაში მოგზაურობის მოყვარული მოსახლეობის ფავორიტ კომპანიებს შორისაა. ის საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს და ქვეყნის ავიაბაზარის ლიდერი კომპანიაა.
2023 წელს Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამი A321 ტიპის უახლესი ავიახომალდით 28 მიმართულებით ფრენებს 16 ქვეყანაში ასრულებდა. გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან კი ქუთაისის ბაზას ავიაკომპანია მეოთხე საჰაერო ხომალდი დაამატა და კვირაში ორჯერ პირდაპირი რეისები დაგეგმა დანიის სამეფოს მიმართულებით.