რამდენს დახარჯავს საქართველოს ხელისუფლება კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაზე: ახალი ინფორმაცია

დაფინანსების მნიშვნელოვანი წილი მოდის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ენერგეტიკისა და ნარჩენების სექტორებში.
Sputnik
თბილისი, 28 მარტი– Sputnik. საქართველოს მთავრობის სხდომაზე კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს, რომლის საერთო ბიუჯეტი შეადგენს თითქმის 3,7 მლნ ლარს შედგენს.
„ახალი ორწლიანი გეგმა საშუალებას მოგვცემს ემისიების დონე შევინარჩუნოთ 10-12%-ით დაბალ ნიშნულზე, რადგან 2021-2023 წლებში განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიც აისახება შემცირებულ ემისიებში“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
სამოქმედო გეგმაში გაიწერა უახლოეს 2 წელიწადში კლიმატის ცვლილების შერბილების კუთხით ქვეყანაში დაგეგმილი ღონისძიებები ქვეყნის ეკონომიკის შვიდ სექტორში:
ენერგეტიკის გენერაცია და გადაცემა;
ტრანსპორტი;
შენობები;
მრეწველობა;
სოფლის მეურნეობა;
ნარჩენების მართვა;
სატყეო მეურნეობა.
დაფინანსების მნიშვნელოვანი წილი მოდის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ენერგეტიკისა და ნარჩენების სექტორებში.
კერძოდ, ენერგეტიკის სექტორში პრიორიტეტული მიმართულებები იქნება ქარის მზის და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა.
ნარჩენების სექტორში მნიშვნელოვანია ახალი ნაგავსაყრელების მოწყობა/მოწყობის დაწყება და არსებული ნაგავსაყრელების განახლება, ასევე ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა.
როგორ ებრძვის საქართველო კლიმატის ცვლილებებს - პრემიერის გამოსვლა დუბაიში >>
მნიშვნელოვანი მიმართულებაა ტრანსპორტის სექტორიც, რომელშიც პრიორიტეტულია მობილობის არამოტორიზებული (მეტროს სადგურების მოდერნიზაცია, საბაგირო ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობა, ველობილიკების მოწყობა) საშუალებებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისება (კერძოდ, თბილისში). ასევე, ავტომობილებიდან გამონაბოლქვის დონის კონტროლის ტექნიკური მექანიზმის დანერგვა.
სოფლის მეურნეობის სექტორში აქცენტი გაკეთდება ქარსაფარი ზოლების მდგრადი მართვის გაუმჯობესებასა და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკების თანდათანობით დანერგვასა და მათ პოპულარიზაციაზე ცნობიერების ამაღლების საშუალებით.
სატყეო სექტორის მიერ ნახშირბადის შთანთქმის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით დაგეგმილია ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებები დეგრადირებული ტყის ტერიტორიაზე, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტყის მდგრადი მართვის გაუმჯობესებას.
კერძოდ, გაგრძელდება ტყის ინვენტარიზაცია, მომზადდება ტყის მართვის გეგმები 5 სატყეო უბნისთვის და დაიხვეწება ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემა.