EURO-2024: საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენებს დაამატებენ

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება
Sputnik
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ავიარეისების სიხშირე გაიზრდება, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
EURO-2024 გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება - გერმანია ტურნირის მონაწილე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახდა. რაც შეეხება საქართველოს, პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის გუნდის დამარცხების შედეგად საქართველოს ნაკრები „ევრო-2024“-ზე პორტუგალიის, ჩეხეთისა და თურქეთის გუნდებთან ერთად F ჯგუფში ითამაშებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ამ ეტაპზე ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი განაცხადების და დამტკიცებული განრიგების შესაბამისად, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს, საქართველოსა და გერმანიას შორის რეგულარული რეისები შესრულდება ოთხი ავიაკომპანიის მიერ, რვა მიმართულებით, კვირაში დაახლოებით 30 სიხშირით.
„ამ მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნის-ივლისში გერმანიის მიმართულებით დაახლოებით 30%-ით მეტი ფრენა შესრულდება, ვიდრე ეს იყო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში“, - აღნიშნავენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
რეგულარული რეისები შემდეგი მიმართულებებით და სიხშირით იგეგმება:
Georgian Airways:
თბილისი – მიუნხენი – თბილისი – სამი სიხშირე;
თბილისი – ბერლინი – თბილისი – ორი სიხშირე კვირაში.
Wizz Air:
ქუთაისი – ბერლინი – ქუთაისი – კვირაში სამი სიხშირე;
ქუთაისი – დორტმუნდი – ქუთაისი – კვირაში ორი სიხშირე;
ქუთაისი – მემინგემი – ქუთაისი – კვირაში სამი სიხშირე;
ქუთაისი – ჰამბურგი – ქუთაისი – კვირაში ორი სიხშირე;
ქუთაისი – ფრანკფურტი – ქუთაისი – კვირაში ორი სიხშირე.
Lufthansa:
მიუნხენი – თბილისი – მიუნხენი – ათი სიხშირე კვირაში.
Eurowings:
ბერლინი – თბილისი – ბერლინი – ერთი სიხშირე კვირაში;
დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფი – ორი სიხშირე კვირაში.
2024 წლის ივნის-ივლისის პერიოდში, ამ ეტაპისთვის დამტკიცებული განრიგების მიხედვით, საქართველოდან ევროპის მიმართულებით ფრენები შესრულდება ათი ავიაკომპანიის მიერ, 39 საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით 130-140 სიხშირით.