თბილისი, 26 მარტი - Sputnik. სამართალდამცველებმა გამოძალვის ბრალდებით ჭიათურაში 35 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.
გამოძიების ცნობით, მამაკაცი თავის კრიმინალურ ავტორიტეტს იყენებდა და ჭიათურაში მცხოვრებ ერთ-ერთ მეწარმეს სისტემატურად სძალავდა სხვადასხვა ოდენობის თანხას.
„ბრალდებულმა მიმდინარე წლის მარტში მეწარმეს კვლავ მოსთხოვა გარკვეული ოდენობის თანხის გადახდა, უარის მიღების შემდეგ კი დაზარალებულს მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა, მეტი დამაჯერებლობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირება მოახდინა“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გამოძალვას გულისხმობს.