საქართველოს მთავრობამ მოსკოვში მომხდარი საზარელი ტერორისტული აქტი დაგმო

საგამოძიებო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 60 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი
Sputnik
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ რუს ხალხს სამძიმარი გამოუცხადა და დაგმო მოსკოვში მომხდარი ტერაქტი, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა.
ათობით დაღუპული და დაჭრილი - მოსკოვში „კროკუს სითი ჰოლში“ მასშტაბური ტერაქტი მოხდა >>>
სროლა და ხანძარი „კროკუს სითი ჰოლში“ პარასკევს საღამოს, ჯგუფ „პიკნიკის“ და სიმფონიური ორკესტრის კონცერტის დაწყებამდე მოხდა. საგამოძიებო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 60 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია, მაგრამ უწყებაში აღნიშნეს, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღძრა.
„საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მედიის ინფორმაციით, სულ მცირე სამი კამუფლიაჟიანი და უნიღბო მამაკაცი შეიჭრა საკონცერტო დარბაზში, ისინი ცეცხლსასროლი იარაღიდან ხალხს პირდაპირ დამიზნებით ესროდნენ და ასაფეთქებელი მოწყობილობებს ყრიდნენ.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულია 115 ადამიანი, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანია, 60 მოზრდილის და ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.