თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიები სამი წლის განმავლობაში ყველა გადასახადისგან გათავისუფლდებიან, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.
საქართველოს მთავრობა სტარტაპებს ქვეყანაში აქტიურად უჭერს მხარს. 2014 წელს ეკონომიკის სამინისტროსთან ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო შეიქმნა. სააგენტოს მთავარი მიზანია ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა და მისი მხარდაჭერა. სააგენტო ასევე ხელს უწყობს ბიზნესისა და ინოვაციური გარემოს გაუმჯობესებას.
„საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს სამი წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდებათ. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ინიციატივაა", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ახალი ინიციატივები ძალზე მნიშვნელოვანია ინოვაციური ეკოსისტემის შემდგომი განვითარებისთვის და ახალი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სისტემის განვითარებაში.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება საქართველოს მთავრობის მიერ.