თბილისი, 19 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ განათლების სფეროში პროექტების განსახორციელებლად საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების დაფინანსება 5 მილიონი ლარით გაზარდა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
გამოყოფილი თანხებით სულ 50 საგანმანათლებლო დაწესებულება დაფინანსდება. ყველა პროცესი გამჭვირვალეა, აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
„არსებობს 25-მილიონიანი საერთო დაფინანსება, მაგრამ ამის მიღმა, ჯერ კიდევ შარშან, წლევანდელ ბიუჯეტში ჩაიდო 30-მილიონიანი ასიგნება, რომელიც მიმართულია საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტებზე და ეს დაფინანსება გაიზარდა დამატებით 5 მილიონი ლარით", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა განმარტა, აღნიშნული დაფინანსება მიმდინარე ბიუჯეტში ჯერ კიდევ გასულ წელს ჩაიდო და იგი არანაირ კავშირში არ არის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქომ შეძლოს საკუთარი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროში. ეს დაფინანსება შარშან ჩაიდო წლევანდელ ბიუჯეტში, ამიტომ არჩევნებთან კავშირი არ აქვს, ეს არ არის ახლახან მიღებული გადაწყვეტილება, უშუალოდ არჩევნებამდე მიღებული გადაწყვეტილება", - განაცხადა კობახიძემ.
ამრიგად, 2024 წელს საქართველოს საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტების დასაფინანსებლად 60 მილიონი ლარი გამოიყო. პრემიერის განკარგულება 15 მარტით თარიღდება.