ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვა საქართველოში: პარლამენტში კანონპროექტი ამ კვირაში შევა

პოლიტიკოსის თქმით, თქმით, საქართველოში ჩატარდა ტრენინგები, სადაც განხილვის თემა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის დაცვა იყო.
Sputnik
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" პარლამენტში ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს მიმდინარე კვირაში დააინიცირებს, განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის თაობაზე ინიციატივას ამზადებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“, თუმცა კონსტიტუციის შესაბამისი იქნება.

„ამ კვირაში ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის ინიცირებას მოვახდენთ. ჩვენი ოპონენტები ამ თემით უკვე დაინტერესდნენ და ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელი კანონპროექტის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ემზადებიან", - განაცხადა მდინარაძემ ბრიფინგზე.

მისი თქმით, საქართველოში ჩატარდა ტრენინგები, სადაც განხილვის თემა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის დაცვა იყო. პოლიტიკოსის ინფორმაციით, ტრენინგები არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის" ორგანიზებით და გაეროს განვითარების ფონდის დაფინანსებით ჩატარდა.
„პრაიდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სემინარი რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ჩატარდა, ხოლო გაეროს განვითარების ფონდმა განაცხადა, რომ მათ დააფინანსეს ტრენინგები, რომლებიც უმცირესობების უფლებებს ეხებოდა, აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.
„მოვუწოდებთ როგორც გაეროს განვითარების ფონდს, ისე სხვა დონორ-ორგანიზაციებს, კარგად გაერკვნენ, რეალურად რა აქტივობებს აფინანსებენ და რაში იხარჯება ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების გადამხდელთა ფული, რათა არატრადიციული ცხოვრების წესის ადამიანების უფლებები არ ავურიოთ ლგბტ-პროპაგანდის მავნე შედეგებში", - განაცხადა მდინარაძემ.
დღეისათვის უცნობია, რას უწოდებს მმართველი პარტია ლგბტ-პროპაგანდას და რა ფორმით იმოქმედებს აკრძალვა.
მზარდი ლიბერალური მოძრაობების ფონზე გენდერის გაუფასურების თემა ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. საქართველოს ხელისუფლება კონსერვატიულ შეხედულებებს ემხრობა. ისინი სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ ოჯახური ღირებულებების და ტრადიციების მნიშვნელობაზე და ლგბტ პროპაგანდის დაუშვებლობაზე.