თბილისი, 18 მარტი — Sputnik. მოსამართლეთა რიგით 32-ე კონფერენციაზე, რომელიც 24 მარტს გაიმართება, ორ ახალ მოსამართლეს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს აირჩევენ, შესაბამისი გადაწყვეტილება კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო ერთდროულად ორმა მოსამართლემ - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონიამ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე პაატა სილაგაძემ დატოვა, უზენაესი სასამართლოს ორმა მოსამართლემ კი მხარი დაუჭირა ე.წ. ვეტინგ-კონტროლის სისტემას, რომელიც ქვეყნის სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე მსჯელობისთვის ახალი მიზეზი გახდა.
მოსამართლეების კონფერენციაში მონაწილე ნებისმიერ მოსამართლეს კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს. გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა 2/3-ის უმრავლესობით.
კონფერენციაზე ასევე დაგეგმილია იუსტიციის საბჭოს მდივნის შერჩევაც. ამ დროისთვის ამ პოსტს საბჭოს წევრი ნიკოლოზ მარსაგიშვილი იკავებს, რომელსაც თანამდებიბაზე ყოფნის ოთხწლიანი ვადა ეწურება. გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა 2/3-ის უმრავლესობით.
დღის წესრიგით ასევე გათვალისწინებულია სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების განხილვაც, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, კონფერენციაზე მსჯელობა შეეხოს ე.წ. ვეტინგის სისტემასაც.
დღის წესრიგით ასევე გათვალისწინებულია ე.წ. ვეტინგ-კონტროლის სისტემის დანერვის საკითხზე მსჯელობა. კონფერენციის მონაწილეები სულ შვიდ საკითხს განიხილავენ.
ოპოზიცია და არასამთავრობო ირგანიზაციები სასამართლო რეფორმის ფარგლებში ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის წინადადებით გამოდიან, რომელიც გულისხმობს მოსამართლეთა მონაცემების შემოწმებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლების მიერ. საქართველოს ხელისუფლება ამ იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტი საქართველოში და სასამართლო ხელისუფლების მთავარი მმართველი ორგანო.
ვნებათაღელვა სასამართლო სისტემის ირგვლივ
სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება. ოპოზიციამ არაერთხელ დაადანაშაულა ხელისუფლება სასამართლოების „კლანურ მმართველობაში“. მათ განაცხადეს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის დახურული სისტემა „კლანებს“ მათთვის სასურველი მოსამართლეების დანიშვნის საშულებას აძლევს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა სრულიად დამოუკიდებელია.
ამასთან, ქართული სასამართლო სისტემა ხშირად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ობიექტი - ძირითადად, მოსამართლეების დანიშვნის სისტემისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც ამ საკითხების გადამწყვეტი ორგანოს მუშაობის გამო.
მათ არაერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას მართლმსაჯულების სისტემაში ფუნდამენტური რეფორმების გატარებისკენ. თავისუფალი და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველყოფა დასავლელი პარტნიორების ერთ-ერთი მთავარი მოწოდებაა.
ამ წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაში ოთხი რეფორმა განხორციელდა და ახლა რეფორმების მეხუთე ტალღა მზადდება.
იცვლება ხელისუფლება, ტარდება რეფორმები, მაგრამ წლიდან წლამდე ოპოზიცია ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა ვერ გახდა თავისუფალი და მას რამდენიმე მოსამართლისგან შემდგარი პროსახელისუფლებო „კლანი" აკონტროლებს.
მოსამართლეები, რომელთაც ოპოზიცია „კლანის" წევრებს უწოდებს, 2022 წლის გაზაფხულზე აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცნენ - 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა
შეერთებულმა შტატებმა არ წარმოადგინა თავისი ბრალდებების მტკიცებულებები, საქართველოს ხელისუფლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აშშ-მ წაყენებული ბრალდებების მტკიცებულებები არ წარმოადგინა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლო რეფორმის რამდენიმე ტალღა განხორციელდა. თუმცა, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი ფასადური ცვლილებებია და ფუნდამენტური რეფორმები უნდა განხორციელდეს. ხელისუფლებას არ სურს ოპოზიციური პარტიების მოთხოვნების გათვალისწინება და ამტკიცებს, რომ მათ ოპონენტებს სურთ არა თავისუფალი სასამართლო სისტემა, არამედ მათი კონტროლის ქვეშ მყოფი სტრუქტურა.